საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი რუსული კომპანია „იანდექს ტაქსის“ ქართულ ბაზარზე შემოსვლისა და მის მიერ „ოკუპირებული ტერიტორების შესახებ კანონის“ დარღვევის საკითხზე კომენტარს აკეთებს. ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის მხრიდან აღნიშნული კომპანიის არავითარი წახალისება არ ხდება:
„მთავრობის მიერ არანაირი წახალისება არ ხდება. პირიქით, შემიძლია პიროვნულად გითხრათ - მეც მაქვს ეჭვი, რომ შეიძლება ირღვეოდეს ეს კანონი. მე მქონდა საუბარი ჩემს გუნდთან, ისინი ამ მიმართულებას სწავლობენ. ჩვენ ჩამოვყალიბდებით, თუ ეს დარღვევა არსებობს, ვინ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება. ერთმნიშვნელოვნად, კანონი ქვეყანაში უნდა იყოს დაცული. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. არც მე, არც ჩემს გუნდს არანაირი შეხება ან კომპანიასთან არ აქვს. ეს კომპანია, რამდენადაც მოვიკითხე და გავერკვიე, არის პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მოთხოვნისა და მიწოდების თანხვედრას. მიუხედავად ამისა, ყველას, ვისაც უნდა საქართველოში საქმიანობა, უნდა სცეს პატივი ჩვენს კანონმდებლობას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






