მოსამართლის თქმით, მისი ოჯახის წევრების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა და ასეთი ფაქტები ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას.
როგორც ფაფიაშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო არის და იქნება გამოხატვის თავისუფლების დამცველი, მაგრამ საზოგადოების გამოყენება ან მოსამართლეების დაუსაბუთებელი დისკრედიტაცია დაუშვებელი და მიუღებელია.
„მოსარჩელე მხარის მიერ ფაქტებით მანიპულირება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაუსაბუთებელი ბრალდებები, ცილისწამება თანაბრად დაუშვებელია და ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. „რუსთავი 2”-ზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განვმარტავ, რომ ჩემი ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ დასმულა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. სიუჟეტში არსებულ ფაქტზე გამოძიება ჩემი ოჯახის განცხადების საფუძველზე დაიწყო და დამთავრდა 2016 წლის იანვარში, როცა ე.წ გახმაურებული საქმეების განმხილველი მოსამართლე მე არ ვიყავი და არც საქმეების ნაწილი არ იყო შემოტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. აღნიშნული საქმის დეტალები ჩემთვის ცნობილი სიუჟეტის გასვლის შემდეგ გახდა” - განაცხადა ფაფიაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის განცხადებით, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები დაუსაბუთებლად და დაჟინებით სვამდნენ კითხვებს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ჩემი აცილების საკითხს ჯიუტად არ აყენებდნენ.
„თავს ვალდებულად ვთვლი მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობაზე თვითგანრიდების შუამდგომლობით. ზოგიერთი მოსარჩელისგან განსხვავებით საკონსტიტუციო საქმეების განხილვა უბრალო ფორმალობად არ მეჩვენება”, - აღნიშნა ფაფიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






