მსგავსი პროდუქციის ბოლო ,,გამობრწყინება“ იყო 1983 წელი, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა ქართული კინემატოგრაფისათვის ალბათ ყველაზე სამარცხვინო ფილმი ,,წიგნი ფიცისა“-ჩვენი 200-წლისანი მონობისა აპოლოგია. კომუნისტური ელიტა ჩვენს დამაქცევარ ,,გეორგიევსკის ტრაქტატს“ ზეიმობდა და ფილმიც უხვად დაფინანსდა მოსკოვიდან. პატარა ამბავია, 8 სერია შექმნეს საუკეთესო რეჟისორებითა და მსახიობებით, ტექნიკითა და გამომსახველობითი საშუალებებით. სხვებიც არ ჩამორჩნენ და იყო ერთი ტაშფანდური სტატიად, ლექსად თუ მონოგრაფიებად. მაშინ სტუდენტი ვიყავი და კარგად მახსოვს, როგორ დასცინოდნედ ყველა მათგანს, როგორ შეარქვეს ,,ტრაქტატიჩები“.
მიუხედავად ასეთი პომპეზურობისა, ეს ფილმი დღეს არავის ახსოვს. ასე არავის ეხსომება ,,ლეხაინდრაო პროდაქშნის“ ნაცოდვილარიც და სულ მალე მასაც თაროზე შემოსდებენ.
ფილმი არ გინახავს და ამას როგორ ამბობო,-იკითხავთ ალბათ.
არ მინახავს, მაგრამ უკვე ვიცი, წითელი ხალიჩები, სალაროებთან რიგები და კრიტიკოსების კალმების მსხვრევა ამ ფილმს არ ემუქრება. ხელოვნება რომ აქ არაფერ შუაშია ეს ყველას ესმის. ქართველ ფელინისთან რომ არ გვაქვს საქმე ესეც ცხადზე უცხადესია.
ვიცი იმიტომ, რომ დაკვეთაა. ვიცი, სცენარისტი სულ სხვაა და ამჯერადაც იგივე. ვიცი გათვლაც. მოსკოვში კარგად უწყიან რაზე რეაგირებს ჩვენი გულუბრყვილო ხალხი, რომელსაც კიდევ ერთი თვე ელექტორატი ერქმევა. ემოცია განსჯის გარეშე და თეატრალური სანახაობა,-ეს ხერხი ადრეც კარგად მუშაობდა და ბოლოს ხომ 2012 წელს-სულ ტრიუმფით დაგვირგვინდა ივანიშვილისთვის, გაზპრომისათვის, პუტინისთვის.
ეს ფილმი პროპაგანდაა, ერთჯრადი რეჟისორით, ერთჯერადი გამოყენებისა და ერთჯერადი დოყლაპია მაყურებლისთვის. ნამდვილი მიზანი კი-ზიზღის, გაუტანლობის, სიძულვილისა და სისასტიკის დათესვაა. ნამდვილი მიზანი-მონების სისხლის წყურვილია, ლინჩია სხვაგვარად მიაზროვნეთა მიმართ, ნამდვილი მიზანი-ოხლოკრატიაა, გაბოროტებული ბრბოს ძალაუფლება, რომელიც ადვილად აჰყვება ხოლმე ,,ტრაქტატიჩების“ დემაგოგიას ისევე, როგორც ეს 1921 წელს მოხდა.
ხაინდრავა ასეთ ფილმს რუსებისაგან ქართველების უმოწყალო ხოცვა-ჟლეტაზე არ გადაიღებს. აფხაზეთი და ცხინვალი მან მტერს უკვე ჩააბარა. მას მერე მთელს საქართველოს აბარებს.
მოძრაობა ,,დაბრუნების“ ლიდერი
მალხაზ პატარაია
მასალის გამოყენების პირობები






