კანონმდებლობის მიხედვით, კანდიდატების დასახელების უფლება პრეზიდენტს, პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს აქვს. საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობას კანდიდატების ცალცალკე წარდგენის უფლებამოსილება ეძლევათ.
ვინ ჩაანაცვლებს საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს? - სავარაუდო კანდიდატებად ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და ევა გოცირიძე სახელდებიან.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე დატოვებას არ გამორიცხავს იურისტი ლევან ალაფიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი მკაცრად განსაზღვრავს თუ რა ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლე, სპეციალისტების განცხადებით, სახელისუფლებო გავლენის პირობებში ვერცერთი მოსამართლე ვერ შეძლებს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.
„პარლამენტის თავმჯდომარე თუკი დაასახელებს, არ გამოვრიცხავ, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ზუსტად პოლიტიკური თამაშის გამო პროცესი რომ ჩიხში შევიდეს, დაასახელოს და შესაბამისად ასე ვთქვათ, პროცედურული კინკლაობა ვიხილოთ პარლამენტში. არ გამოვრიცხავ, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა მის მიერ წარმართული თამაშის ფარგლებში წავიდეს იმაზე, რომ თავმჯდომარე არც აარჩევინონ, ერთ მოადგილეს თავმჯდომარესთან ერთად გასდის ვადა და რჩება ბატონი თავაძე, რომელსაც გააგრძელებინონ მოვალეობის შესრულება. საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მივალთ, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, უპირობოდ წაკითხვადი იქნება პოლიტიკური, სპეცსამსახურების ჩართულობა“-აცხადებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტ- იურისტი ლევან ალაფიშვილი.
ამასთან ცნობილია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სარჩელების შეცვლის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის მხრიდან ორი მოსამართლის აცილების მოთხოვნის საკითხს სწავლობენ.
„მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკურმა თანამდებობის პირებმა და ზოგადად პოლიტიკოსებმა თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც აღქმას დატოვებს საზოგადოებაში, რომ ისინი დაინტერესებული არიან, სასამართლომ კონკრეტული გადაწვეტილებები მიიღოს,“ - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანალიტიკოსმა გიორგი ბერაიამ.
ვახუშტი მენაბდე კი ამბობს რომ: „ძალიან ცუდია, როდესაც პოლიტიკოსები ღიად უპირისპირდებიან კონკრეტულ მოსამართლეებს. ეს უპირველეს ყოვლისა, უარყოფითად აისახება სასამართლოს იმიჯზე".
მასალის გამოყენების პირობები






