სახელისუფლებო პარტია, ქართული ოცნება საოლქო საარჩევნო კომისიებთან გარიგებით აკომპლექტებს ყველა საუბნო საარჩევნო კომისიას, რითაც ცდილობს საბიუჯეტო ხარჯებით ამომრჩეველთა დამატებითი ხმების მოზიდვა/მოსყიდვას, რადგანაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და მათი ოჯახის წევრები იმავდროულად არიან პოტენციური ამომრჩევლები. მით უფრო რეგიონებში, სადაც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არსებული ხელისუფლების პირობებში უკიდურესად მძიმეა.
2016 წლის 20 აგვისტოს N48 ხარაგაულის (დამხმარე) საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარის მიერ წერილით (N77/20/08/2016) N52 ბაღდათის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიგზავნა რეკომენდაცია N 51 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის N51.48.01-51.48.37 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა ასარჩევად, კერძოდ კი თითოეულ საუბნო საარჩევნო კომისიაში რეკომენდაცია გაეწიათ მხოლოდ მათთვის მისაღებ 6 კანდიდატს, მაშინ, როდესაც მიღებული განაცხადებები თითოეულ საარჩევნო უბანზე ბევრად აღემატებოდა ასარჩევ კონკურსანტთა რაოდენობას. აღნიშნული ქმედების განხორციელებაში კომისიის თავმჯდომარესთან (გია ცისკაძე) ერთად მონაწილეობას იღებდენენ მდივანი (მაყვალა სულაქველიძე) და საოლქო კომისიის ერთ-ერთი მუდმივმოქმედი წევრი (ნინო ბუაჩიძე).
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 8 ივნისის №30/2016 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის“ თანახმად, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ვალდებულებები, ხოლო ზემოთაღნიშნული ქმედება არის კანონის უხეში დარღვევა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საუბნო სარჩევნო კომისიის წევრების კანდიდატებისათვის რეკომენდაციის გაწევა არ შედის არც დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის და არც მისი წევრების უფლებამოსილებაში. დამხმარე საოლქო სარჩევნო კომისიის მოვალეობაა მხოლოდ და მხოლოდ კონკურსანტთა დოკუმენტაციის მიღება და გადაგზავნა ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში. ძირითადმა საოლქო საარჩევნო კომისიამ, როგორც კოლეგიალურმა ორგანომ, კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, თავად უნდა აირჩიოს თითოელ საარჩევნო უბანზე კომისიის 6 წევრი მიუკერძოებლურად და არა დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების რეკომენდაციის საფუძველზე. შესაბამისად, აღნიშნული ქმედების განხორციელებით N 48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომიის ზემოთ აღნიშნულმა პირებმა გადაამეტეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, რაც ცალსახად ხაზს უსვამს მათ თანამშრომლობას ხელისუფლების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან, სხვაგვარად გაუგებარია მათი ეს ქმედება.
ასევე გვინდა გაცნობოთ, რომ ბაღდათის ძირითამა საოლქო საარჩევნო კომისიამ სრულად (2.7% ცდომილებით) გაიზიარა ხარაგაულის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის რეკომენდაცია და ერთხმად აირჩია მათთვის ბანდეროლით გადაცემული საკონკურსო პირობების ჩამონათვალი. წარმოგიდგენთ დოკუმენტს.
ეს არის ის, რაზეც ჩვენ არაერთხელ უკვე ვისაუბრეთ, რაზეც პერიოდულად მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ვაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ აგრძელებს ხელისუფლება 2016 წლის არჩევნების გაყალბებას. ეს არის ჯაჭვი იმ დანაშაულებრივი ქმედებებისა, რომელსაც ქართული ოცნება უკვე დიდი ხანია უტიფრად მიმართავს.
ჩვენ ვაპირებთ საჩივრით მივმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოვითხოვოთ ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების და კომისიის წევრის მიმართ გატარდეს კანონით გათვალისწინებული ზომები საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევის და უფლებამოსილების გადამეტების გამო.
მასალის გამოყენების პირობები






