საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სახელმწიფო უსაფრთხოების სასამხურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს. საუბარია აღკვეთილ ტერაქტზე, რომლის ფარგლებშიც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს სომხეთ-რუსეთის გაზის ცენტრალური მილსადენის აფეთქება ჰქონდათ დაგეგმილი.
ლევან იზორიას განცხადებით, გამოძიების პროცესში საზოაგდოება საქმესთან მიმართებით მეტ ფაქტს შეიტყობს.
"როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს განცხადებას, რომ სერიოზული საფრთხის თავიდან აცილება ხდებოდა, ბუნებრივია, ამის აბსოლუტური ნდობა მაქვს. აქ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებებით არის საუბარი და არა ვარაუდის დონეზე. კავშირები და რა დავალებებს იღებდნენ, ამის შესახებ, ბუნებრივია სასამართლო არსებითი განხილვის პროცესში ყველა გაიგებთ ინფორმაციას," - აცხადებს ლევან იზორია.
დაკავებულებს ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადების, ტერორიზმისთვის საჭირო იარაღისა და ასაფეთქებლების შეძენა-შენახვასა და ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. დაკავებულთაგან ხუთს უშუალოდ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებაში ადანაშაულებენ. დანარჩენებს, მათ შორის საპატრულო პოლიციის მოქმედ თანამშრომელს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში სდებენ ბრალს.
მასალის გამოყენების პირობები






