„ნიუპოსტი“ მოგიყვებათ დავაზე, რომელიც 2012 წლიდან დღემდე უშედეგოდ გრძელდება.
საუბარია სენაკის მეორე ბრიგადის ყოფილ ჯარისკაცზე, რომელსაც ე.წ სამხედრო დასახლებაში ბინა ჯერ კიდევ 4 წლის წინ უნდა მიეღო.
მოქალაქე მაკა ჯაჯანიძე გვიყვება, რომ მისი მეუღლე, იმედა მჟავია, თავადცვის სამინისტროში 14 წლის განმავლობაში მსახურობდა. კონტრაქტის მიხედვით, მას უწყებისგან 2012 წელს საცხოვრებელი სახლი უნდა მიეღო, თუმცა "გადააგდეს".
როგორც ჯაჯანიძის მიერ "ნიუპოსტისთვის" გადაცემული ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, დავა, იმედა მჟავიასა და თავვდაცვის სამინისტროს შორის 2012 წლიდან მიმდინარეობს. ყოფილმა სამხედრომ 2015 წელს, თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესი მოიგო, თუმცა სახელმწიფო უწყება, ვერც მოსამართლის გადაწყვეტილებამ და მოგვიანებით ვერც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ვერ აიძულა, 2008წლის რუსეთ საქართველოს ომში მონაწილე სამხედროსთვის, დაპირებული, კუთვნილი 40 კვადრატული მეტრიფართობის ბინა გადაეცა.
"2012 წელს, ჩემი მეუღლისათვის, რომელიც სამხედრო მოსამსახურე იყო, კონტრაქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი სახლი უნდა მიეცათ, ამ მოლოდინში 3 წელი გავიდა, თავდაცვის სამინისტროდან კი სასიკეთო არაფერი ისმოდა. 2015 წელს იძულებულები გავხდით, თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეგვეტანა. ამავე წლის 15 ივლისს კი მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა, რომელშიც წერია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს და იმედა მჟავიას არაუმეტეს 40 კვადარატი საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში გადასცეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებიდან წელიწადზე მეტი დრო გავიდა, თუმცა თავდაცვის სამინისტრო ვალდებულებას არ ასრულებს.
წელიწადნახევარია თითქმის ყოველ მეორე თვეს მიბარებენ უწყებაში და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით -მატყუებენ. სამინისტროსთან რომ ვერაფერს გავხდი, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მივმართე და კანონით გათვსლიწინებული, იძულებითი აღსრულება მოვითხოვე. მათაც მიმართეს თავდაცვის სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ. ხელთ მაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო არ ასრულებს“- უთხრა „ნიუპოსტს“ მაკა ჯაჯანიძემ.
მისი თქმით, საქმის კურსში იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ყველა მოადგილე.
„თინა ხიდაშელს ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში დავუწერე, თუმცა როგორც ჩანს, კრიტიკული წერილის საჯაროობა არ აწყობდათ და დაიბლოკა. სამინისტრო ჯარისკაცს, რომელიც 14 წელი ემსახურა საკუთარ ქვეყანას, 2008 წელის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, წინა ხაზზე იბრძოდა, ავღანეთის და ერაყის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა კუთვნილ საცხოვრებელს არ აძლევს, არ აინტერესებს ჯარისკაცის ოჯახი ღამეს სად გაათევს!“-აცხადებს ჯაჯანიძე.
როგორც დაზარალებულის მეუღლე ამბობს, კონტრაქტის მიხედვით, მის ოჯახს, თბილისში, აეროპორტის გზაზე, ე.წ სამხედრო დასახლებაში უნდა მიეღო საცხოვრებელი, იქ სადაც, იმედა მჟავიას კოლეგებს ბინები, უკვე დიდიხანია რაც გადასცეს, მათ კი ამ დრომდე ატყუებენ.
„ჩემი მეუღლის ყველა კოლეგას, გადასცეს საცხოვრებელი იმედა მჟავიას გარდა. ვსვამ კითხვას - როცა სასამართლოს განაჩენი არსებობს, როცა აღსრულების ბიუროს წერილი გაგვაჩნია, როგორ ვაიძულო სახელმწიფო მოგვცეს კუთვნილი საცხოვრებელი?!“.
“ნიუპოსტი“ თავადცვის სამინიტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ ახალი მინისტრის პირობებში მსგავს საქმეებს სპეციალური კომისია სწავლობს.
რაც შეეხება უშუალოდ იმედა მჟავიას საქმეს, იზორიას უწყებაში ამბობენ, რომ „თუ სასამართლო გადაწყვეტილებაარსებობს, იგი აუცილებლად აღსრულდება“, თუმცა როდის ეს კითხვა "ნიუპოსტისთვისაც" უცნობი რჩება.

დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






