თბილისის საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას საკრებულოს სხდომაზე იწყვევს. აღნიშნული მოთხოვნაზე ხელი „ნაციონალური მოძრაობის“, „ რესპუბლიკელების“, „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მოაწერეს. ნარმანიას საკრებულოში დაბარების მთავარ თემას ყაზბეგის გამზირზე ხეების უკანონო გაჩეხვის საკითხი წარმოადგენს:
"თბილისში ყაზბეგის გამზირზე ათეულობით უკანონოდ გაჩეხილმა ხემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისის მერიაში ბევრი სისტემური ხარვეზი გვაქვს, რომელზეც თბილისის მერი და მერიის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას არ იღებს. ამიტომ, ჩვენ კოლეგებთან ერთად, საკრებულოში ვიბარებთ ხუთშაბათს თბილისის მერს, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოუწევს პასუხი გასცეს ამ და სხვა შეკითხვებს, რომელიც მოქალაქეებს აწუხებს,"- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი აბესაძემ.
განცხადება გააკეთა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმაც, რომელიც ამბობს რომ მერი საკუთარ უფლებამოსილებაში ვერ ერკვევა.
"მთავარი კითხვა არის ერკვევა თუ არა ნარმანია საკუთარ უფლებამოსილებაში. თბილისში საღი ხეები მოიჭრა და ნარმანია გამოდის და არ ვიცი ვისი დანაშაული არისო. ეს ნიშნავს, რომ მან არ იცის საკუთარი სტატუსი. მეორე რაც არის, ის რომ რატომ აწერს საღი ხეების მოჭრას ხელს გამწვანების სამსახურის უფროსი და რატომ არ აგებს ის პასუხს. საკრებულოს დეპუტატთა 1/4-ს ხელმოწერის შემდეგ ის ვალდებულია მოვიდეს და უპასუხოს ჩვენ კითხვებს,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილი.
რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილის თქმით ქალაქის მერია გადაქცეულია სხვადასხვა კომპანიების მომსახურების კანტორად:
"ყველა დეტალი გვაინტერესებს, მითუმეტეს როცა ნებართვა გაიცა, იყო რომ მწვანე ნარგავებს არ შეეხებოდნენ, ეს პირობა დაირღვა. სამწუხაროდ ქალაქის მერია გადაქცეულია სხვადასხვა კომპანიების მომსახურების კანტორად,"- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
მერიას უმოქმედობაში და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ გაერთიანებული დემოკრატებიც. მათი ინფორმაციით, დედაქალაქში ხეები იჩეხება და შენობები შენდება.
"ყველა მიმართულებით, სადაც მწვანე ნარგავია, ხდება მისი მოჭრა და მშენებლობების ნებართვის გაცემა. გვინდა პასუხი გაგვცენ ამ ყველაფერზე,"- აცხადებს ზაზა ვეკუა.
მასალის გამოყენების პირობები






