აქციის მონაწილეები - დევნილები, სოციალურად დაუცველები, მარტოხელა დედები და, რაც განსაკუთრებით სავალალოა, მცირეწლოვანი ბავშვები წლებია ცხოვრობენ შენობაში, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს. როგორც წინა, ასევე მოქმედი ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აღნიშნული უბნის მაცხოვრებლებმა არა ერთხელ ითხოვეს დახმარება, თუმცა უშედეგოდ. ამასობაში მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები ადამიანის ჯანმრთელობისა და სოცოცხლისათვის სულ უფრო მეტად შეუსაბამო და საფრთხის მომცველი ხდება. არ აქვთ გაზი, წყალი, დენი. დაზიანებულია საკანალიზაციო გაყვანილობა და ფეკალური მასები ჩადის სარდაფში, რაც არა მხოლოდ ამ შენობაში, არამედ შემოგარენშიც ქმნის ინფექციების გავრცელების საშიშროებას.
მაცხოვრებლებმა დახმარებისათვის სხვადასხვა დროს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ ღარიბაშვილს, პრემიერ კვირიკაშვილს, ქალაქის საკრებულოს, ისნის გამგეობას. ზოგიერთი ინსტანციიდან პასუხი არ მიუღიათ, ზოგიერთი კი აცხადებს, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის. კორპუსის მაცხოვრებელებს, რომლებიც აქ გაუთვალისწინებელ ვითარებაში აღმოჩნდნენ, არ ეძლევათ სოციალური დახმარება. იმისათვის, რომ მიიღონ, იძულებული არიან, დროებით იქირაონ ბინები, რისი შესაძლებლობა მათ უმეტესობას, ფაქტობრივად, არ აქვს.
აქციას მოსახლეობის თხოვნით ,,თავისუფალი დემოკრატების“ ისნის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქეთევან ენუქიძე ხელმძღვანელობს, რომლის უპირველეს მოთხოვნად აქციის მონაწილეებთან ერთად ამ ეტაპისთვის, შენობის დენით და გაზით უზრუნველყოფა, ასევე, წყალგაყვანილობის და კანალიზაციის მოწესრიგება რჩება.მათი დიდი ნაწილი შენობის დაკანონებას, ხოლო ნაწილი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვს.
ქეთევან ენუქიძე ამბობს, რომ ჰოსპიტალის შენობა საბჭოური ცნობიერების და ამ ცნობიერების ალყაში აღმოჩენილი ქართული რეალობის სიმბოლოა - ,,ეს შენობა, ეს გეტო, რომელსაც ახლა თქვენ უყურებთ, წარმოადგენს დღემდე დაუნგრეველი საბჭოური ცნობიერების და ამ ცნობიერების ალყაში აღმოჩენილი ქართული რეალობის სიმბოლოს. აქ არის მხოლოდ მიზანმიმართულად დამკვიდრებული უიმედობა ადამიანებში.
მარტოხელა დედები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც აქ სოციალურ დახმარებასაც კი არ აძლევენ; 2008 წლის ომის შემდეგ უბინაოდ და უშემოსავლოდ დარჩენილები, დევნილები - აი, ადამიანების კატეგორია, რომელთაც თქვენ აქ ხედავთ. ყველა ინსტანცია აქვთ მოვლილი, ყველა პარტიისთვის აქვთ ჩამორიგებული ხელმოწერები (რომელთაც, კაცმა არ იცის, ვინ რისთვის იყენებს), მაგრამ არათუ არ აკმაყოფილებენ მათ მოთხოვნებს, კანალიზაციის, წყლის, დენის და გაზის პრობლემაც ვერ მოუგვარებიათ. არ ვიცით, ვისი ინტერესები დგას ამის უკან, მაგრამ ფაქტია, რომ მიზანმიმართულად ხდება უფლებების შელახვა და პირობების დამძიმება. მიჩვეულები ვართ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფების ინტერესებს ეწირება მრავალთა ბედი, განსაკუთრებით, ბავშვების. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ აქ ხალხის გამოკეტვა კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება და მორალსაც“, - განაცხადა ქეთევან ენუქიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






