“ყველასათვის ცნობილია, რომ ლევან კობიაშვილი მთელი სპორტული კარიერის მანძილზე და შემდეგაც ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობდა. ის საქართველოში შარშან, ოქტომბრის თვეში დაბრუნდა რათა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. ამიტომაც მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, აქვს თუ არა მას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ვინაიდან კანონით პასიური უფლებით სარგებლობს ის პირი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში ან დგას საკონსულო აღრიცხვაზე რომელიმე უცხო ქვეყანაში”
ამირან გიგუაშვილის განმარტებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე. ამიტომ, როდესაც არსებობს კითხვები დეპუტატობის კანდიდატთან დაკავშირებით, მან ამ შეკითხვებს საჯარო უნდა გასცეს პასუხი.
“ჩვენ კარგად გვახსოვს ოცნების ხელისუფლების ორმაგი სტანდარტები სხვადასხვა კანდიდატებთან მიმართებაში ადგილობრივი არჩევნებისას, როდესაც სახელისუფლებო კანდიდატს მიეცა უფლება მონაწილეობა მიეღო არჩევნებში, ხოლო სხვა კანდიდატს ამის საშუალება არ მისცეს. თავისუფალი დემოკრატები ვაპირებთ გამოვითხოვოთ ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან ლევან კობიაშვილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ბოლო ორი წლის განმავლობაში. ასევე მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას დაინტერესდეს ამ საკითხით. თუმცა, ვიდრე ჩვენ ამ ინფორმაციას მოვიპოვებთ, უმჯობესი იქნება თავად ლევან კობიაშვილმა გახადოს საჯარო ინფორმაცია მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ბოლო ორი წლის განმავლობაში. მე იმედი მაქვს, რომ იგი როგორც ყოფილი ფეხბურთელი, პოლიტიკურ მოედანზეც დაიცავს სამართლიანი თამაშის წესებს”. -აცხადებს ამირან გიგუაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






