„ცხადია, რომ ეს წინასაარჩევნო სვლებია ორივეს მხრიდან. ბურჯანაძე პოლიტიკურად ცდილობს, რომ რუსულ ორბიტაზე გაგვიყვანოს და ეს ნიშა შეავსოს. პრორუსულად განწყობილი ამომრჩევლები თავისკენ გადაქაჩოს, რაც ძალიან მცირე ნაწილია. უსუფაშვილმა როგორც ჩანს ეს ვითარება გამოიყენა და ცდილობს, რომ რაღაც პროდასავლურ ორიენტაციაზე ექსკლუზივი მოიპოვოს, რაც ასევე, ჩემი აზრით, წინასაარჩევნო პროცესის ნაწილია,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
აღნიშნულ თემაზე დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომა იმართება, მსჯელობის თემა ორი საკონსტიტუციო ინიციატივაა. პირველი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის ე,წ უბლოკო სტატუსის დაფიქსირებას გულისხმობს და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას ითვალისწინებს. ხოლო მეორე ინიციატივის ავტორი თავად პარლამენტის თავმჯდომარეა და ის ე.წ უბლოკო სტატუსის საპირისპიროდ ევროატლანტიკური მისწრაფებების კონსტიტუციის პრეამბულაში შეტანას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






