ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის რეჟიმში რჩება და დღევანდელ ბიუროს სხდომაზე, რომელის თემაც ორი საკონსტიტუციო ინიციატივაა, დასწრებას არ აპირებს. ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით მათთვის ბურჯანაძის მხარდამჭერების მიერ წარმოდგენილი ინიციატივა ქვეყნის უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით კატეგორიულად მიუღებელია, ამასთანავე დაგვიანებულად მიაჩნიათ დავით უსუფაშვილის მიერ წარმოდგენილი ინიციატივაც კონსტიტუციაში საგარეო კურსთან დაკავშირებული ჩანაწერის გაკეთების თაობაზე. როგორც ენმ-ში აცხადებენ მსგავსი ინიციატივა ნაციონალურ მოძრაობას 2 წლის წინ ჰქონდა, თუმცა მათ რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირეს.
“ჩვენი ბოიკოტი ეხებოდა კორცხელის დარბევის გამოუძიებლობას, დღევანდელი ზოგიერთი ოპოზიციაში გადასული თუ საარჩევნო კამპანიაში გადაჭრილი მინისტრი მაშინ ხელისუფლებაში იყო და ვფიქრობ მას თავისი პრინციპული პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა. ბატონი დავითი იყო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, თუ მას ასეთი ინიციატივა ჰქონდა, ჩვენ რაზე შევთანხმდით, საკონსტიტუციოში შევთანხმდით, რომ ვერაფერზე ვერ შევთანხმდით. ესეთი ინიციატივა, ჯერ ეს ერთი მას შეეძლო მხარი დაეჭირა მაშინ, როცა ჩვენ ნაციონალურმა მოძრაობამ დავაყენეთ საკითხი, ან მას დაეყენებინა ეს ინიციატივა დამოუკიდებლად და ამას არ დაჭირვებოდა 4 წელი და კოალიციიდან გაბრძანება, გაყრა თუ რავიცი რაც გინდათ ის დაარქვით,“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
დღეს, 15:00 საათისთვის, პარლამენტის ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, რომელიც 15 აგვისტოს ჩაშლილი ბიუროს სხდომის ნაცვლად დაინიშნა.
15 აგვისტოს პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ გაიმართა. სხდომაზე ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ მივიდნენ, ვერ შედგა კვორუმი და სხდომა ჩაიშალა.
ბიუროს მსჯელობის თემა ორი საკონსტიტუციო ინიციატივაა. პირველი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის ე,წ უბლოკო სტატუსის დაფიქსირებას გულისხმობს და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას ითვალისწინებს. ხოლო მეორე ინიციატივის ავტორი თავად პარლამენტის თავმჯდომარეა და ის ე.წ უბლოკო სტატუსის საპირისპიროდ ევროატლანტიკური მისწრაფებების კონსტიტუციის პრეამბულაში შეტანას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






