საპარლამენტო უმრავლესობა დავით უსუფაშვილის ინიციატივას მხარს არ უჭერს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქვეყნის საგარეო კურსი ისედაც განსაზღვრულია და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის.
საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ უსუფაშვილის ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ საარჩევნო კამპანიის ნაწილია.
“ეს არის ჩვენი განცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსი და ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ დგას საერთოდ პოლიტიკურ დღის წესრიგში. უბრალოდ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს ამ თემის აჟიტირებით და წამოწევით წინასაარჩევნოდ ყურადღების მიპყრობას,“ - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.
"ნაციონალური მოძრაობაც" თვლის, რომ რესპუბლიკელები ეს ინიციატივა, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ქვეყნის მომავალი სწორედ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებებია.
“ახლა ამ თემაზე საუბარი თავის გამოჩენის მცდელობაა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ეს საკითხი პარლამენტში დააყენა 2013 წელს, მაშინ უმრავლესობამ ჩააგდო ეს საკითხი, მათ შორისრესპუბლიკელებმა,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, უსუფაშვილი ითხოვს, რომ კონსტიტუციის პრეამბულას დაემატოს შემდეგი ფრაზა: “საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში”.
მასალის გამოყენების პირობები






