პარტიამ „უსუფაშვილი-რესპუბლიკელებმა“ საარჩევნო პროგრამისა და სლოგანის პრეზენტაცია გამართა. რესპუბლიკელების მთავარი სლოგანია „გავთავისუფლდეთ", აღნიშნული სლოგანის მნიშვნელობაზე სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა ვრცლად ისაუბრა:
„რამდენი რამე გვაწუხებს...
რამდენი რამე გვაქვს მოსაგვარებელი ჩვენს ქვეყანაში...
რამ უნდა შეგვაძლებინოს ამ ყველაფერთან გამკლავება...
ყველაფერს ერთბაშად ვერ მოვუვლით, მაგრამ რითი უნდა დავიწყოთ...
რა არის ის პირველი ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად სწორი მიმართულებით უნდა გადავდგათ:
• რათა მორიგ ჯერზე არ ავცდეთ გზას,
• რათა მორიგ ჯერზე არ გავბრუვდეთ ლამაზი ილუზიებით და ოცნებებით,
• რათა ისვე ყველაფერი თავიდან არ გაგვიხდეს დასაწყები...
ამისათვის საჭიროა, გავთავისუფლდეთ!
გავთავისუფლდეთ ჯერ ჩვენში დაბუდებული მანკიერებისგან და მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ საზოგადიებაში ფესვგამდგარ პრობლემებთან გამკლავებას. პირიქით არ გამოვა...
• გავთავისუფლდეთ ამპარტავნებისგან და უფრო მეტად დაგვაფასებენ;
• გავთავისუფლდეთ სიძულვილისგან და უფრო ადვილად დავამარცხებთ მოწინააღმდეგეს;
• გავთავისუფლდეთ შურისგან და უფრო წარმატებულად ვიგრძნობთ თავს;
• გავთავისუფლდეთ
და თუ ამას მოვახერხებთ, თუ პიროვნულად გავთავისუფლდებით, მაშინ გავძლიერდებით კიდეც, მაშინ შევძლებთ ერთად გავთავისუფლდეთ საზოგადო პრობლემებისგანაც: ოკუპაციისგან, სიღარიბისგან, უმუშევრობისგან, ძალადობისგან, უსამართლობისგან,
ამ საქმეში რესპუბლიკელები თქვენი საიმედო მოკავშირეები ვართ, ვინაიდან:
• რესპუბლიკელებმა ვიცით, როგორ გავთავისუფლდეთ სახელმწიფობანას თამაშისგან და როგორ შევქმნათ ანგარიშვალდებული და კვალიფიციური მთავრობა;
• რესპუბლიკელებმა ვიცით, როგორ გავთავისუფლდეთ საბჭოური წარსულისგან და როგორ დავამკვიდროთ ქვეყანაში ევროპული სტანდარტის თავისუფლება და კეთილდღეობა;
• რესპუბლიკელებმა ვიცით, როგორ გავთავისუფლდეთ ავტორიტარიზმისგან და ერთპარტიულობისგან და როგორ დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა და სამართლიანობა;
• რესპუბლიკელებმა ვიცით, როგორ გავთავისუფლდეთ ნეპოტიზმისგან და როგორ გავუხსნათ გზა კვალიფიციურ კადრებს;
• რესპუბლიკელებმა ვიცით, როგორ გავთავისუფლდეთ რამოდენიმე მსხვილი საწარმოს და ბანკის მონოპოლიისგან ეკონომიკაზე და როგორ გავაძლიეროთ წვრილ და საშუალო ბიზნესი ანუ როგორ გავხსნათ გზა მასობრივი და არა საჩვენებელი დასაქმებისკენ.“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






