„უნდა გავთავისუფლდეთ წინასაარჩევნო ნიუანსებიდან და გავაკეთოთ ყველამ ერთად ის, რაც სჭირდება ქვეყანას. ეს რომ არ იყოს ჩემი მხრიდან ცარიელი სიტყვები, მე ვაცხადებ, რომ ერთ-ერთი პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის თაობაზე, საკონსტიტუციო სარჩელს, თუ იგი იქნება შეტანილი პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან, მე მზად, ვარ შევუერთდე მას. მე მზად ვარ შევუერთდე, თუ ეს სარჩელი იმავე მოთხოვნით იქნება „ნაციონალების“ მხრიდან გაკეთებული, ჩვენ „რესპუბლიკელები, მზად ვართ გადავცეთ კოლეგებს ჩვენს მიერ მომზადებული სარჩელი, იმისთვის, რომ გამყარდეს ის სარჩელი არგუმენტებით, ფაქტებით და პოზიციებით.ეს არის ჩვენი საერთო საქმე და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ დავუჭიროთ მხარი ამ ინიციატივებს, მიუხედავად იმისა, ჩვენ რომელ საათზე ვთქვით ეს, რა გავიდა ეთერში, რა არ გავიდა.
საქმე იმაშია, რომ ქვეყანაში არ შეიძლება ფუნქციონირებდეს პოლიტიკური პარტია, რომელიც ასე ღიად და ასე აშკარად გამოდის ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, წერტილი! აღარ სჭირდება ამას ზედმეტი განხილვები, იმის თაობაზე, ვინ პირველი იყო და ვინ მეორე. რესპუბლიკელებიც ვიყავით პირველთა შორის, ვინც გამოვაცხადეთ ეს საკითხი, მაგრამ მზად ვართ, შევუერთდეთ სხვების ინიციატივებს და გადავცეთ მზა სარჩელი იმისთვისაც, რომ გამოყენებული იქნას სხვა საკითხებში.
მე ამის სანაცვლოდ ნამდვილად არაფერს ვითხოვ. ველოდები იმას, რომ ამ საკითხზე, ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის საკითხზე, ის ერთიანობა, რომელიც არის მიღწეული, იქნება შენარჩუნებული, გაგრძელებული და განვრცობილი საკონსტიტუციო ჩანაწერის სახითაც.
და დიახაც, სწორედ დღეს არის ეს საჭირო, როდესაც ამ ტიპის იდეების ასე მომრავლებას ვხედავთ. იქნება ეს ბლოკი ან უბლოკო თუ რუსული პენსია და არ ვიცი კიდევ რა.““- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






