ნათია ფანჯიკიძე: „ამ ზაფხულის რაჭაში ჩემი პირველი დილა რომ გათენდა, აივანზე ყავის ჩაიდნით და სამყაროს მადლის სულში ჩასატვირთად ღრმა სუნთქვით გამოვედი, სავარძელში მოვკალათდი და მთებს და ბალახს, ხეებს და უგამჭვირვალეს ცას ოდა აღვუვლინე…
სად იყო და სად არა, ულამაზესი კოდალა მოფრინდა. ბიჭია. დაოჯახებულს არ ჰგავს, ცოლშვილი არ დამილანდავს, ალბათ ჯერ საბინაო პრობლემას წყვეტს, - ჩემს ჩასვლამდე, ჭერზე მრგვალად, კოხტად, შესასვლელი კარი გამოუჭრია და დასახლებულა.
მისი დანახვა ისე გამიხარდა, ჰელოუ კოდო, ჭიკ-მეთქი, მივაგებე კეთილგანწყობა. პასუხად რა მივიღე? შეხტა თავის სახლში, ჩამოყო გრძელნისკარტიანი თავი და ნახევარი საათი გაოცებული მსწავლობდა, - ვინა ხარ და ჩემს სახლში შენ რა გინდაო, მის თვალებში ამოვიკითხე. ერთხელ რომ ამოვიკითხე, ეგ არაფერი, გადის დღეები და ეს კიდევ ყოველ დილა-საღამოს მოფრინავს და როგორც ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრილს, ამრეზით მაკვირდება.
სამწუხაროდ, კარგი ფოტო ვერ გადავიღე, არ მინდოდა ზედმეტად შემეწუხებინა“...

მასალის გამოყენების პირობები






