ისინი პრორუსული ძალების გაძლიერებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, მოწვეულ იქნას უშიშროების საბჭო. ამასთან ერთად ორგანიზაციის წევრები ქვეყნის პირველი პირისგან მოითხოვენ, გატარდეს შესაბამისი ქმედებები იმ ორგანიზაციისა და პირების მიმართ რომლებიც საქართველოში კოლაბორაციონისტულ ქმედებებსა და პრორუსულ პროპაგანდაში არიან მხილებული.
"ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ კოლაბორაციონალისტები, ისინი ღიად, უტიფრად და თავხედურად აცხადებენ, რომ პუტინის მონები არიან, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უნდა შემოვიდეს. ისინი პროდასავლურ ძალებს, მედიის საშუალებით ემუქრებიან სისხლიანი ანგარისშწორებით, დახვრეტებით. მოგრეხსენებათ, ამ ხელსუფლებასთან ალიანსში გათქმულ იქნა სახელმწიფო საიდუმლოება, ცნობილი კაპიტულიანტის და იარაღით მოვაჭრის, საზხელმწიფოს ღარატში ბრალდებულის ტრისტან წითელაშვილისა და იმდროინდელი თავადცვის მინისტრის ერთობლივი მოქმედებების შედეგად. ეს არის საშიშროება და ვითხოვთ უშიშროების საბჭოს მოწვევას"- აღნიშნა "აფხაზთა კრების" ლიდერმა მალხაზ პატარაიამ.
.,,ნიუპოსტი" სრულად გთავაზობთ ,,აფხაზთა კრებაში" შემავალი ორგანიზაციების მიმართვის ტექსტს:
საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს
საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა
მიმართვა
უკანასკნელ დღეებში საზოგადოების ყურადღება მიიქცია პრორუსული ძალების თავხედური მოქმედებების კიდევ რამდენიმე მეტად აღმაშფოთებელმა ფაქტმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა გიორგი კალანდაძემ გაავრცელა ინფორმაცია ცნობილი კაპიტულანტის, იარაღით მოვაჭრისა და სამშობლოს ღალატისათვის ნასამართლევი პირის ტრისტან წითელაშვილის მიერ იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის ხელშეწყობით საიდუმლო სამხედრო ობიექტებში უკანონო შეღწევისა და მოპოვებული ინფორმაციის რუსეთისათვის გადაცემის შესახებ. ეს ფაქტი დაადასტურეს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თ.ხიდაშელმა და გენერალური შტაბის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ვ. კაპანაძემ. პრემიერ-მინისტრმა და რიგმა მაღალი რანგის პირებმა განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ სარეჟიმო წესების დარღვევას, რითაც ფაქტიურად მიჩქმალეს ეს დანაშაული.
ამავე დროს, რუსული ,,მეხუთე კოლონის“ განსაკუთრებით აგრესიულმა ნაწილმა სცადა ოპოზიციის ოფისის დარბევა ბათუმში, ხოლო ყვარელში საჯაროდ, კამერების წინ სცემეს ახალგაზრდა ჟურნალისტს მსოფლიოში ცნობილი ანტისაოკუპაციო სლოგანის გამო. ამასთან ერთად, ეს პირები ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით უკვე ღიად მოითხოვენ საქართველოში რუსეთის ჯარების შემოყვანას, არ მალავენ კავშირს ოკუპანტის ხელისუფლებასთან, იმუქრებიან დახვრეტებით, პროდასავლური ძალებზე სისხლიანი ანგარიშწორებით.
ნორმალურ ქვეყანაში ამ ბოროტმოქმედთა მიმართ გატარდებოდა გადამჭრელი ზომები, აკრძალავდნენ მათ ორგანიზაციებს და იმ საინფორმაციო საშუალებებსაც, რომლითაც ისინი ეწევიან ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის და მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფისაკენ მიმართულ აგიტაციას.
საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის ერთიანობის, ეროვნული დამოუკიდებლობის, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტი. ის ვალდებულია, მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით, მათ შორის უპირველესად უშიშროების საბჭოს მეშვეობით, ქმედითი ღონისძიებები გაატაროს რუსეთუმეთა აღვირახსნილი პარპაშის ასალაგმავად.
საქართველოს ერთიანობის, დამოუკიდებლობის, მისი მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობის და თავისუფალი მომავლის დასაცავად აუცილებლად მიგვაჩნია კოლაბორაციონისტული ორგანიზაციების ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ღონისძიებების გატარება, რისთვისაც მოვითხოვთ:
1. ამოქმედებულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 309-ე, 310-ე, 311-ე, 315-ე, 317-ე და 319-ე მუხლები; აღიკვეთოს აგრესორთან თანამშრომლობაში მყოფი ორგანიზაციების და პირების საქმიანობა;
2. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილების-აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის და ამ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ განხორციელებული გენოციდისა და ეთნოწმენდის საჯარო უარყოფა გახდეს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება;
3. აიკრძალოს აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკის საჯარო გამოყენება;
4. საქართველო ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ უმოკლეს ვადაში შესაწავლილ იქნეს სამხედრო ობიექტებში უკანონოდ შეღწევის, ამ ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ოკუპანტისათვის გადაცემის ფაქტები; გატარდეს ეფექტიანი სამართლებრივი ღონისძიებები გამოვლენილ დამნაშავე პირთა მიმართ;
5. ტრისტან წითელაშვილს ჩამოერთვას საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 30 მაისის #361 ბრძანებულებულებით გადაცემული ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი და ყველა სამხედრო წოდება, გაუქმდეს მისი პოლიტპატიმრის სტატუსი; გადადგეს ან გადაყენებულ იქნეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნი მინდია ჯანელიძე.
6. საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნას ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ეწევიან საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების, რუსეთის ჯარის შემოყვანის, სამხედრო ნეიტრალიტეტის, ძალადობისა და სოციალური შუღლის პროპაგანდას.
თბილისი, 2016 წლის 12 აგვისტო
საქართველოს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია
მასალის გამოყენების პირობები






