„ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ სალომე ასათიანთან ზუსტად ამის კლასიკური მაგალითია, იმიტომ, რომ სხვას ის პოლიტიკურ სივრცეში ვერ აღიქვამს. სხვა ფერს ვერ ხედავს. მას მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაფერი ის და ყველა ის, ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება. რაღაც გადაცდომები, არა აქვს მნიშვნელობა ეს საყდრისის პოლიტიკა იქნება, პანორამას პოლიტიკა იქნება, თუ ყველა ის საკითხი, რაც საზოგადოებაში დაგროვდა ისეთი, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყო მთავარი გამცემი ფაქტორი, მაგრამ პრობლემა შეუქმნა მთავრობას, ამ შემთხვევაშიც კი ის გელაპარაკება-ა, შენ „ნაციონალური მოძრაობა“ ხარ? ზუსტად ასეთი იყო მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუც, რომელიც მან რუსთავი ორზე გაბუნიას მისცა. ზუსტად ისეთივე მიდგომა აქვს, ვისაც არ მოსწონს „ნაციონალური მოძრაობა“, გინდა არ გინდა, ის არის „ოცნება“. არა მგონია რომ, ეს ორი პოლიტიკური ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი შეთანხმებულად, მაგრამ ფაქტობრივად ასეთ გარემოს ქმნიან, რომ მათ ერთმანეთი სჭირდებათ და ერთმანეთის გარეშე, ისინი ვერ მიაღწევენ პოლიტიკურ წარმატებას და მეორე, მიაჩნიათ, რომ თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა გამოჩნდება, ან ერთს, ან მეორეს წაართმევს ელექტორატს. ამ მოტივით არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“ „თავისუფალი დემოკრატების“, ან „რესპუბლიკელების“ გაძლიერება. იმიტომ, რომ ისინი პროევროპულად განწყობილ, ან ლიბერალურ ელექტორატს წაართმევს მას. ასევე არ უნდა ბიძინა ივანიშვილს ნინო ბურჯანაძის, ან ირმა ინაშვილის გაძლიერება, ფიქრობს, რომ ის წაართმევს იმ ელექტორატს, რომელიც ზომიერ ნაციონალისტურ პოლიტიკას ატარებს. ეს ორი პოლიტიკური ძალა ქმნის თამაშს, ქმნის ველს, მაგრამ პოლიტიკოსის და პოლიტიკური ძალის ფუნქციაც ის არის, რომ მან ეს ველი უნდა დაანგრიოს. საკითხავია, ამას შეძლებენ პრორუსულად განწყობილი ძალები, თუ შეძლებენ პროდასავლურად განწყობილი ძალები. აქ, მაქვს მე ჩვენი ამომრჩევლის იმედი, რომელიც უდაოდ არის პროევროპულად განწყობილი. შეიძლება, მას არ მოსწონდეს ეს პროევროპულად განწყობილი პარტიები, ჰქონდეს თავისი დამოკიდებულება, მაგრამ მიაჩნია, რომ ევროპული სივრცე არის ჩვენი განვითარებისთვის აუცილებელი. ამიტომ მგონია, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვერც მიხეილ სააკაშვილი ვერ დააგროვებენ არათუ ნახევარზე მეტ ხმებს, ანუ 50%-ზე მეტს, შეიძლება 35%-ზე მეტი ვერ აიღონ, იმიტომ, რომ სხვა პოლიტიკურ ძალებს აქვთ შანსი და ამბიციაც, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში გავიდნენ“- აცხადებს ზვიად ქორიძე.
მასალის გამოყენების პირობები






