„წლევანდელი არჩევნები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პრაქტიკულად ვაკეთებთ პოლიტიკურ განაცხადს 2020 წლამდე და ეს არის პერიოდი, როდესაც ბევრი რამ იცვლება სამყაროში და იცვლება ქვეყნის შიგნითაც. ასეთი დამუხტული რეგიონული გარემო არ ყოფილა არასოდეს, როგორიც ახლაა. ბუნებრივია, ჩვენი ინტერესი არის ავირჩიოთ ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არ შეცვლის ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. იქნება ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმართული და ისეთივე თანამიმდევრული, როგორც აქამდე იყო. იმოქმედებს სწორად და ადეკვატურად იმ გამწვავებული სიტუაციებიდან გამომდინარე, რა პოლიტიკური სიტუაციაც არის მეზობელ ქვეყნებშია. აი, ამის ფონზე უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ეს ჩემთვის არის დასავლური არჩევანი. იმიტომ, რომ ეს ერთის მხრივ, ღირებულებებითი საკითხია საქართველოს საზოგადოებისა და მისი მომავლისათვის და მეორეს მხრივ, არის თემა ქვეყნის უსაფრთხო და ნორმალური განვითარებისთვის“- აცხადებს ქორიძე.
ზვიად ქორიძე ასევე საუბრობს იმაზეც, თუ ვის ინტერესებში შედის, რომ საქართველომ გააკეთოს ანტიდასავლური ბრუნი, როგორია რუსული პოლიტიკური თამაშები და რა ღია და ფარულ მეთოდებს იყენებენ ისინი რუსული ინტერესის გასატარებლად ქვეყანაში:
„არც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ვიცით რომ არსებობს და ფინასურადაც და მორალურადაც დამოკიდებულია რუსეთზე, ღიად არ ათქმევინებს ტექსტებს, რომ ჩვენ გვინდა ევრაზიულ კავშირში. ამ ლოზუნგით პირდაპირ გამოდის რომელიმე პრორუსული ორიენტაციის პარტია? არც ერთი. მეჭიაურიც კი არ ამბობს პირდაპირ, რომ ევრაზიულ კავშირში მინდა, არა, ის ამბობს, რომ ნატო არ მინდა. ამას ბევრი ამბობს, რომ ნატო არ გვინდა, რომ ევროკავშირი არის კაბალა ჩვენთვის და მეორე, საკითხები რომლებიც ძალიან აქტუალური გახადეს ამ პოლიტიკურმა ძალებმა, ფსევდონაციონალისტური, ფსევდო რელიგიური, რომ თურმე, დღეს ქართული საზოგადოების მთავარი ქვაკუთხედი არის კითხვა, განსაზღვროს, მიაჩნია თუ არა საზოგადოებას სამოქალაქო ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირად. ცდილობენ, ეს გადააქციონ სარეფერენდუმო თემად და ამ რეფერენდუმის ფონზე ჩაატარონ საპარლამენტო არჩევნები, რითაც პრაქტიკულად ისინი გადაწყვეტენ იმ ამომრჩევლების მობილიზებას, რომლებიც სწორედაც არა მარტო ამ კითხვაზე გასცემენ დადებით პასუხს, არამედ აირჩევენ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ამ კითხვაზე დადებით პასუხს გვაძლევენ. ეს არის ზუსტად რუსული პოლიტიკური თამაში, რომელსაც ახორციელებს ნინო ბურჯანაძის პარტია, მეჭიაურის პარტია, პატრიოტთა ალიანსი, მრეწველთა კავშირი, ლეიბორისტული პარტია, ეს ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც მთელი მათი შეგნებული პოლიტიკური ცხოვრების მანძილზე, ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ ჩვენ არაფერი გვესაქმება ევროპასთან, ჩვენ არაფერი გვესაქმება ნატოსთან. გოგი თოფაძე პარლამენტის წევრია და ის გამოსულა და ღიად უთქვამს, რომ ევროკავშირი ჩვენ მაშინ მიგვიღებს, როდესაც უკანასკნელი ქართველი მამაკაცი გახდება გეი. მაშინ, როდესაც გავლენიანი პირი, რომელიც ასევე ფრაქციის ხელმძღვანელია პარლამენტში, ასე ესაუბრება ამომრჩეველს, ბუნებრივია მისი ინტერესია, რომ საქართველომ გააკეთოს ანტიდასავლური ბრუნი, რომელიც სწორედ რუსული ბრუნია“.- აღნიშნას ქორიძე.
ზვიად ქორიძემ კომენტარი მმართველი პარტიის პოლიტიკურ კურსზეც გააკეთა, მისი თქმით მმართველ პარტიის ღიად დადანაშაულება, რომ ისინი რუსულ თამაშს თამაშობენ ვერ მოხდება, რადგან „ქართული ოცნების“ რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ პოლიტიკურ რევერანსებამდე მიდის, ამაზე შორს კი ისინი ვერ წავლენ, რადგან ქართული საზოგადოება არ არის პრორუსულად განწყობილი:
„ვერ დავადანაშაულებ ღიად მმართველ პარტიას, რომ ეს მას უნდა, იმიტომ, რომ მაშინ რა შეუშლიდა ხელს ამ ოთხ წელიწადში? ისინი ამ ვალდებულებას არ იღებენ, ეს ერთი და თუ აიღებენ, ისინი არჩევნებამდე წააგებენ არჩევნებს. თუ ამ ვალდებულებას გამარჯვების შემდეგ აიღებენ, ისინი ქვეყანაში შექმნიან პოლიტიკურ კრიზისს და ცუდად დამთავრება მათი საქმე.
თუ ეს მმართველი ძალა, ისევ დარჩება გამარჯვებული ამ არჩევნებში, ისინი გააგრძელებენ პოლიტიკურ რევერანსებს რუსეთთან, რადგან ის მაინც არის მეზობელი და ეს მათი პოლიტიკური ტრენდია, მოდი რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა. მაგრამ, ამაზე უფრო შორს, დარწმუნებული ვარ, ვერ წავა ეს ხელისუფლება. უფრო რადიკალურ აქტიურობას ვერ ვხედავ მათგან და მე მიმაჩნია, რომ ვერც იზამენ. ქართული საზოგადოება არ არის პრორუსულად განწყობილი, ამას ყველაფერი აჩვენებს, მათ შორის ჩვენი ყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მედიასაშუალება, ტელევიზია, პოლიტიკური პარტიები არიან ამ პროპაგანდის ფრთებქვეშ, ისინი მხოლოდ ადამიანების ერთ და იმავე ჯგუფზე მოქმედებენ და მე დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები საბოლოოდ, მაინც გაითვალისწინებენ კრიტიკული მასის აზრს. ადამიანი, რომელიც დღეს საქართველოში მისტირის საბჭოთა კავშირს, ადამიანი, რომელსაც უნდა რუსეთის წიაღში იცხოვროს და რუსეთის გარეშე ვერ წარმოუდგენია საქართველოს მომავალი, რა თქმა უნდა საქართველოში ასეთი იქნებიან, მაგრამ არ არიან იმ რაოდენობის, რომ ქვეყნის პოლიტიკურს კურსის ცვლილებაზე მოახდინონ სერიოზული გავლენა“.- განაცხადა ქორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






