საქმე ეხება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის ფაქტს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე, გიორგი კვირიკაშვილმა და ზურაბ პატარაძემ ახლად დაქორწინებულ წყვილს - იგორ აბულაძესა და ნათია დეკანაძეს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს. ფასიანი საჩუქრების გადაცემა საარჩევნო სუბიექტის ან პარტიასთან ასოცირებული პირის მხრიდან, კანონმდებლობით იკრძალება.
განცხადება ამ საკითხზე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც გააკეთა. პატარაძე აცხადებს, რომ შუამთობაზე ახალდაქორწინებულებისთვის ოქროს ბეჭდების გადაცემა ტრადიციის ნაწილია. ოქროს სამკაული კი ხულოს გამგეობამ მიაწოდა წყვილს და იგი ბიუჯეტის თანხით იყო შეძენილი.
"ეს არ იყო წელს, საარჩევნოდ დაგეგმილი აქტივობა, ყოველწლიურად გადასცემს ხულოს გამგეობა ახალდაქორწინებულებს საჩუქრებს", - აცხადებს ზურაბ პატარაძე.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტი სცდება ცესკოს კომპეტენციას. შესაბამისად, მომხდარზე რეაგირებას ცესკო არ მოახდენს.
მასალის გამოყენების პირობები






