‘’მთაწმინდის მოსახლეობამ ,,თავისუფალ დემოკრატებს“ მოგვმართა თხოვნით გაგვერკვია რას აპირებს თბილისს მერია კონკრეტულ 4 ობიექტთან დაკავშირებით, მხედველობაშია ჩიკოვსკის №10 , №12, თაბუკაშვილის № 42 , ზუბალაშვილის №42.
,,საპარლამენტო ფრაქციამ ,,თავისუფალი დემოკრატები“ მერიას მიმართა წერილით, რომლის მიხედვითაც ვითხოვდით პასუხს კონკრეტულ ოთხ ობიექტთან დაკავშირებით არის თუ არა დაგეგმილი რაიმე აღდგენითი სამუშაოები. პასუხად მივიღეთ, რომ ჩვენს მიერ დასახელებული ოთხი ავარიული სახლი აღდგენას არ ექვემდებარება და აქედან გამომდინარე არანაირი სახის სამუშაოები დაგეგმილი არ არის’’, - განაცხადა თამარ ამაშუკელმა.
მერიის განცხადების შემდეგ თამარ ამაშუკელმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნა სტატუსი : თბილისი კარგავს კიდევ ოთხ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. სტატუსს კულტურის ძეგლთა დაცვის სააგენტოს იურისტი თეა ონიანი გამოეხმაურა, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ცრუ განგაშია. გთავაზობთ კომენტარს უცვლელად: ,, მეგობრებო, ცრუ განგაშია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეისწავლა აღნიშნული ობიექტების მდგომარეობა. სააგენტოს სპეციალისტებისა და ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნის თანახმად, უდავოა, რომ შენობები ავარიულია და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამასთან, ვინაიდან ობიექტის არსებული მდგომარეობა იძლევა მისი აღდგენის და/ან გამაგრების შესაძლებლობას და ამავდროულად, ობიექტს არ დაუკარგავს ის მახასიათებლები, რისთვისაც მას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სატრატეგიულ საკითხთა სექციის მიერ, ობიექტებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სატატუსი არ მოეხსნა. ამავდროულად, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, „უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა დასაშვებია მხოლოდ ძეგლზე ამ კანონით დაშვებული სამუშაოების (რეკონსტრუქციის) ფარგლებში და ძეგლის აღდგენის პირობით იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ძეგლის ინტერესები ან თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა.
ძეგლის უმძიმესი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეროვნულმა სააგენტომ მიმართა თხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა მიიღონ შესაბამისი ზომები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადაუდებელი გამაგრებითი და ან სარეკონტრუქციო სამუშაოების განხორციელების მიზნით“.
აღნიშნული თემით დაინტერესებული მედია შეეცადა გაერკვია დეტალები და მიმართა მთაწმინდის გამგეობას. გამგეობაში არსებობს ერთადერთი პასუხი, რომლის მიხედვითაც პასუხისმგებლობას ვერც მთაწმინდის გამგეობა იღებს საკუთარ თავზე. უცვლელად გთავაზობთ პასუხს მთაწმინდის გამგეობიდან: “თუ მოსახლეობა მოისურვებს, გამგეობა მათ ინვესტორის მოძიებაში დაეხმარება. მაგრამ შემდეგ ინვესტორმა მოსახლეობასთან ერთად უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ძეგლის სტატუსი მოუხსნას შენობას, რაც ძალიან იშვიათად ხდება. იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი სახლი ავარიულობის მეოთხე კატეგორიას განეკუთვნება და ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშია, ამ შემთხვევაში ძეგლის სტატუსს უხსნიან. ეს მისამართი კი მეოთხე კატეგორიას არ ექვემდაბრება“, -აცხადებენ გამგეობაში
მათივე განმარტებით, ზუბალაშვილების №44 -ში მდებარე სახლს ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და გამგეობა იქ სარემონტო სამუშაოებს ვერ ჩაატარებს.
‘’ყოველივე ზემოთქმულიდან ირკვევა, რომ ერთის მხრივ თბილისის მერია კვლავ იწონებს თავს საკუთარი არაკომპეტენტურობით, მეორე მხრივ არ არსებობს მისი კომუნიკაცია კულტურის სამინისტროსთან, მგონი საერთოდ არ ელაპარაკებიან ერთმანეთს. საბოლოოდ მერია ვერ ხვდება , რომ პრობლემის მოგვარების ერთადერთი წყარო თავად არის და შედეგად ვკარგავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ინგრევა ქალაქი და ხალხი თბილისში კვლავ რჩევა უპასუხოდ’’, - განაცხადა თამარ ამაშუკელმა.
მასალის გამოყენების პირობები






