თავდაცვის უწყების სამხედრო ობიექტებიდან ინფორმაციის შესაძლო გაცემის საქმესთან დაკავშირებით მინდია ჯანელიძემ კურიერთან პირველი კომენტარი გააკეთა.
მან აღიარა, რომ იყო გადაცდომა სარეჟიმო წესების დარღვევისთვის და ტრისტან წითელაშვილი მასთან შეუთანხმებლად შევიდა სამხედრო ბაზაზე, თუმცა ამბობს, რომ ეს არ არის საიდუმლო ობიექტი.
"ეს არის აბსურდული ბრალდება. ეს გავს უფრო პოლიტიკურ სპეკულაციას, ვიდრე რამე საქმეზე ლაპარაკს, ამ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ძნელია, თუმცა ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ წითელაშვილი არ ყოფილა არცერთ საიდუმლო ბაზაზე და მეორე ბრალდება, რაც ჩემი მისამართით იყო, არის რომ თითქოს ვინმე დაუსჯელი დარჩა. ეს ასე არ ყოფილა. ჩემი მინისტრობის პერიოდში ვინც რაიმე გადაცდომა ჩაიდინა, ყველამ შესაბამისად აგო პასუხი. დანაშაულზე არ იყო საქმე, იყო გადაცდომაზე საქმე, ამ გადაცდომაზე აგო პასუხი იმ პირმა, ვინც ის ჩაიდინა. იყო სარეჟიმო წესების დარღვევა და ამ დარღვევაზე აგეს პასუხი. პროკურატურას საქმე გადაეცემა მაშინ, როცა სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული, ამ შემთხვევაში არ ყოფილა, იყო გადაცდომა და ამაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა გენერალურმა ინსპექციამ" - აცხადებს მინდია ჯანელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






