ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად მატერიალური და ეკონომიური ზარალი მიიღო ასობით ადამიანმა. დამწვარია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი ფართობი, განადგურებულია გასაყიდი საქონელი და ამ ისედაც დუხჭირი ცხოვრების პირობებში კიდევ უფრო მეტად გართულდა მათი ყოფა. ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" ხარაგაულის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ მაჭავარიანის განცხადებით ბაზრის მოვაჭრეებსა და მის მფლობელებს შორის დავა ტერიტორიის განთავისუფლებასთან დაკავშირებით უკვე წლებია მიმდინარეობს, რაც მოვაჭრეთა მიერ ჩატარებული საპროტესტო აქციის საბაბი გახდა. ბაზარი მდებარეობს სილიკომანგანუმის ნარჩენებით მდიდარ ტერიტორიაზე და ეს ადგილი დიდი ხანია წარმოადგენს ამ ნარჩენების მოპოვებით დაინტერესებული კომპანიების სამიზნეს. ზურაბ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ხანძარი ხელოვნურად არის გაჩენილი, რასაც ადასტურებს ერთ-ერთი მეპატრონის ცეზარ მაღლაკელიძის განცხადება, რომელიც მეორე მეპატრონეს დავით ხუსკივაძეს და მასთან დაკავშირებულ სახელისუფლებო პირებს ხანძრის ხელოვნურად გაჩენაში ადანაშაულებს ტერიტორიის ხელში ჩაგდების მიზნით. ,,მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს: დროულად იქნეს შესწავლილი ცეზარ მაღლაკელიძის განცხადება, მიღებული იქნას ზომები ხანძრის გამომწვევი მიზეზების სასწრაფოდ დასადგენად და დამნაშავე მიეცეს პასუხისგებაში. ადგილობრივი ხელისუფლებისაგან მოვითხოვ ზარალის სწრაფად დათვლასა და აღრიცხვას, რომელიც ადამიანებმა მიიღეს ხანძრისა და ამ დროს მომხდარი მოროდიორობის შედეგად, რომელი ფაქტებიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთოდ არ არის დაფიქსირებული. მიღებული იქნას მათ დასახმარებლად ქმედითი ზომები“ , განაცხადა ზურაბ მაჭავარიანმა. ზესტაფონის რაიონის სოფლები: ფუთი, სანახშირე, ილემი, ძირულა, შროშა, განთიადი ხარაგაული-ბაღდათის საარჩევნო ოლქში შემოდის და ამ სოფლების მცხოვრებმა მრავალმა ადამიანმა, რომელთა საქმიანობა ამ ბაზართან იყო დაკავშირებული მიიღო დიდი ეკონომიური და მატერიალური ზარალი. როგორც აღნიშნული ოლქის ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატი თავს ვალდებულად ვთვლი გვერდით დავუდგე ამ ადამიანებს და მივიღო აქტიური მონაწილეობა ხანძრის მიზეზების მოკვლევასა და დადგენაში”- განაცხადა ზურაბ მაჭავარიანმა. ,,თავისუფალი დემოკრატები“ თვლიან, რომ ასეთი ფაქტების არ გამოძიება (მითუმეტეს, როდესაც საფუძვლიანი ეჭვი არსებობს), ადამიანებში აჩენს დაუცველობისა და შიშის გრძნობას, რაც არც თუ შორეულ, 90-იან წლებში გვაბრუნებს, როდესაც სილიკომანგანუმის მოპოვებისათვის კონკურენციის გარკვევა ზესტაფონში კლანებს შორის ქურდული და სისხლიანი გარჩევების შედეგად ხდებოდა. მხოლოდ დროულმა გამოძიებამ და დამნაშავეების დასჯამ შეიძლება დააბრუნოს ხელისუფლების ნდობა, რომელიც ამ მოვლენებამდეც საკმაოდ დაცემულია ზესტაფონის მოსახლეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" დაზარალებულ ადამიანებთან ერთად გავმართავთ საპროტესტო აქციებს, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული, სანამ არ მოხდება დამნაშავეების გამოვლენა და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა. ‘’მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალურ პროკურორს პირად კონტროლზე აიყვანონ აღნიშნული საქმე’’, - განაცხადა ,,თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხარაგაულ-ბაღდათის ოლქში ზურაბ მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






