გუშინ ღამის 10 საათისთვის ზესტაფონის ე.წ შავ ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათასი კვ.მ ფართობი დაიწვა. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო რომ მისი ლიკვიდაციის პროცესში ზესტაფონის სახანძრო-სამაშველო სამსახურთან ერთად, ფეროშენადნობთა ქარხნის სამაშველო ეკიპაჟები და ქუთაისიდან და თერჯოლიდან გამოძახებული დამხმარე ბრიგადები იყვნენ ჩართულნი.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს, მუნიციპალიტეტში საგანგებოდ შექმნილი კომისია შეისწავლის. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით სავარაუდოდ ზარალი დიდი იქნება, მუნიციპალიტეტი მოსახლეობის დახმარებას ვერ შეძლებს და მთავრობისთვის მიმართვა მოუწევთ.
"ზარალი ძალიან დიდია. შესაბამისი კომისია უკვე მუშაობს ზარალის დასადგენად. ცოტა ხანში დაზარალებულების აღრიცხვასაც დავიწყებთ. ძნელი იქნება იმის გარკვევა ვის რა საქონელი ქონდა, ამიტომაც ეს ექსპერტიზამ უნდ დაადგინოს. გვაქვს მთავრობასთან კავშირი, ველოდებით მათ ჩამოსვლას". , - აცხადებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მაღრაძე.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187- ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლის გაჩენის შედეგად სხვისი ნივთის დაზიანებას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






