,,ნიუპოსტი“ სრულად გთავაზობთ გიორგი მარგველაშვილის წერილს.
ილიაობის მილოცვის ტექსტზე ფიქრისას გამახსენდა ამ თემაზე დაწერილი წერილი, რომლისთვისაც აქამდე არც გადამიხედავს. მოვძებნე და გამიჩნდა სურვილი, 29 წლის წინანდელი ჩემი ემოცია თქვენთვის გამეზიარებინა
ილია მართლის წმინდანობის დღევანდელი გააზრებისათვის
- 1987 წლის ივლისის თვეში ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ილია ჭავჭავაძე და უწოდა მას წმინდა ილია მართალი. ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის მნიშვნელობისა და შედეგების შეფასება ჯერაც არ დამთავრებულა და, ალბათ, ახლო მომავალში სულ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა ხსენებულ საკითხს. მეც შევეცდები ერთი კონკრეტული კუთხიდან შევეხო ჩვენი საზოგადო ცხოვრების ამ ფაქტს. საქმე ისაა, რომ ხშირად ისმის კითხვა: არის თუ არა ილია წმინდანი, ამ ცნების ტრადიციული გაგებით? ემთხვევა თუ არა საზოგადოებრივი მოღვაწეობა ქრისტიანული ამაღლების გზას? აღსანიშნავია თვალსაზრისიც, რომელიც, თუმცა ხშირად არც გამოითქმის, მაგრამ უდაოდ არსებობს: რომ წმინდანობა ილია ჭავჭავაძის პიროვნებისათვის არის არა არსობრივი მახასიათებელი, არამედ მიეწერება მას, როგორც კიდევ ერთი აღმატებითი ეპითეტი. ეს კი არ უნდა იყოს მართებული, რადგანაც წმინდანობა ან არსობრივად, შინაგანად მოიცავს პიროვნებას, ან ეს პიროვნება არ არის წმინდანი. განხილვა წმინდანობისა, როგორც ადამიანის სულიერი არსების ერთი რომელიმე კონკრეტული თვისებისა, არ მიმაჩნია მართებულად. სწორედ ამ საკითხებმა განაპირობეს ჩემი ინტერესი და ის მიდგომაც, რომლითაც მე ილიას წმინდანობის მოაზრების ვრცელსაკითხს ვცდილობ. პირველყოვლისა, ეს არის წმინდანობის, როგორც მოვლენის მახასიათებლების გარკვევა; და, აგრეთვე, თუ რა თვისობრივად ახალი ასპექტი შემოიტანა ილია ჭავჭავაძემ თავისი პიროვნების თუ ნაწარმოებების საშუალებით ახალ წმინდანობაში.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, პირველყოვლისა საჭიროა გაირკვეს, თუ რას წარმოადგენს წმინდანობის ესოდენ დიდი ინსტიტუტი. კერძოდ კი, არის თუ არა მისი არსებობა მიმართული გარკვეული მიზნის განხორციელებისაკენ, და თუ ეს ასეა, რა არის ეს მიზანი? (ეს საკითხები განიხილება მხოლოდ ქრისტიანული წმინდანობის მაგალითზე და სწორედ სპეციფიკურად ქრისტიანული რელიგიისათვის დამახასიათებელი ნიშნების გათვალისწინებით). ამრიგად: ატარებს თუ არა ქრისტინული წმინდანთა ინსტიტუტი მიზანდასახულ ხასიათს? დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მისი არსებობა მიზნობრივია და ეს მიზანი რწმენის განმტკიცებაა. უეჭველია იმის აღნიშვნა, რომ თუმცა რწმენა ინდივიდუალური სახის მოვლენაა, აქ ლაპარაკია რწმენაზე, მის სოციალურ ასპექტში. იმდენად, რამდენადაც წმინდანობაც რელიგიურად სოციალური აღქმისა და ზემოქმედების საშუალებაა. (განსხვავებით, მაგალითად ისეთი რელიგიური მოვლენებისაგან, როგორებიცაა აღსარება და თუნდაც გამოცხადება, რომელთა ხასიათიც ინდივიდუალურია).
რასაკვირველია, არსებობს მრავალი სხვა სფეროც, რომელსაც ბადებს, ანვითარებს და ასაზრდოებს სწორედ წმინდანთა ინსტიტუტი, მაგრამ, როდესაც წმინდანობის მიზნად ვსახავთ რწმენის განმტკიცებას, მხედველობაში გვაქვს ის მთავარი, რაც განაპირობებს ამ ინსტიტუტის არსებობას. თუმცა, ქვემოთ მოყვანილი იქნება ის მიზეზები, რომლებიც მე ასე მაფიქრებინებს, კერძოდ კი წმინდანთა ინსტიტუტის ის ორი სოციალური ფუნქცია, რომელთა განხილვასაც შევეცდები. მაგრამ ამ საბუთის გააზრების გარეშეც, საკითხის ანალიზიდან ინტუიციურ დონეზე, ჩანს რომ: ნებისმიერი რელიგიური მოვლენის განმაპირობებელი, წარმმართველი და მასაზრდოებელი რწმენაა.
ასევე ინტუიტურად ძნელი შესამჩნევი არაა ის ფაქტიც, რომ თვით რელიგიაც, (მე ამ სიტყვაში მის ნებისმიერ ინდივიდუალურ გამოვლენას ვგულისხმობ) ბუნებრივია თავის მეცადინეობაში სწორედ ამ გრძნობის განმტკიცებისაკენ ილტვის. ხოლო წმინდანობაც, რასაკვირველია, რომ ერთ-ერთი მთავარი რელიგიური ინსტიტუტია. ამდენად, ჩემთვის უეჭველია, რომ წმინდანთა ინსტიტუტის განმაპირობებელი მიზანი არის რწმენა, მითუმეტეს კი ისეთი რელიგიისა, როგორიცაა ქრისტიანობა. რადგანაც სწორედ ქრისტიანობამ შეარყია სასწაულის, როგორც საღმრთო კრიტერიუმის ძველთაგანვე განმტკიცებული პრინციპი. და მოუწოდა: „ნეტარ არიან რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“ (იოანე 20 : 29). აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სხვადასხვა სარწმუნოებაში განსხვავებული რწმენა, უფრო ზუსტად კი - განსხვავებულია რწმენის ობიექტი, შთაგონების ხერხები და შესაბამისად ხასიათიც. ასე მაგალითად: ზოგ შემთხვევაში რწმენა ღმრთისა მდგომარეობს შიშისა და ძრწოლვის შეგრძნებაში - ასეთი ხასიათის რწმენას, ალბათ, ღვთიური არსების თვალნათლივი და რეალური ძლიერების განცდა იწვევს, მას კი თავის მხრივ ჰქმნის შესაბამისი შთაგონების ხერხები, რომელთა მიზანიცაა მოვლენათა მრავალფეროვნებიდან გამოჰყონ სწორედ ამ ძლიერების მტკიცება - გამოვლინებანი. ცხადია განსხვავებულია ქრისტიანული რწმენის ხასიათიც, იგი თანხვედრილია ქრისტიანობის მთავარ პრინციპთან - სიყვარულთან და, ამდენად, ამ რწმენის შთაგონების ხერხებიც განპირობებულია სწორედ ამ გრძნობით. ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია მოკლედ მოვხაზო ქრისტიანული სიყვარულის არაერთმნიშვნელოვანი ცნება, რისთვისაც მოვიყვან რამდენიმე ნიმუშს წმ. მოციქულის და ღვთისმეტყველის იოანეს პირველი ეპისტოლედან: „საყუარელნო, ვიყუარებოდეთ ურთიერთას, რამეთუ სიყვარული ღმერთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყვარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი. რომელსა არა უყვარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარული არს“. „და ესე არს სიყუარული, არა რამეთუ ჩვენ შევიყუარეთ ღმერთი, არამედ რამეთუ მან ჩუენ შემიყუარნა და მოავლინა ძე თავისი მელხინებლად ცოდვათა ჩუენთან“. „შიში არა არს სიყვარულსა თანა, არამედ სრულმან სიყვარულმან გარე განდევნოს შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვად აქვს, ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყუარულსა ზედა“. „და ესე მცნებაი მოვიღეთ მისგან, რაითა რომელსა უყუარდეს ღმერთი უყუარდეს ძმაიცა თვისი“. (იოან 1 ეპ. 4 : 7, 8, 10, 18, 21) თუმც ეს ძალზედ მწირი მასალაა, მაინც ნათელია თუ რა ყოვლისმომცველ, რთულსა და ღრმა გრძნობას წარმოადგენს ქრისტიანული სიყვარული. ამდენად, მე მიმაჩნია, რომ მსჯელობა ამ მოვლენის შესახებ, მისი აღწერა, დახასიათება და გაანალიზება გარდა იმისა, რომ დაკავშირებულია დიდ სიძნელეებთან, ალბათ, შეუძლებელიცაა რაციონალური აზროვნებისათვის და მშრალი მეცნიერული დამოკიდებულება თუმცა შეუსაბამოა ნებისმიერი გრძნობის ასახსნელად, განსაკუთრებით არასწორია იგი სწორედ ქრისტიანული სიყვარულის მიმართ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვეულებრივ გრძნობა, მარტივად თუ ვიტყვით, ყალიბდება გარკვეულ სუბიექტსა და ობიექტს შორის და, ამდენად, მეტნაკლებად წარმოსადგენია, ქრისტიანული სიყვარულის ვნება ასეთი ეგრეთწოდებული სუბიექტისა და ობიექტის მიმართ უსაზღვრო, გაურკვეველი და გაუმიჯნავია. მაგრამ ამავე დროს უაღრესად ცხოვრებისეული, რაზეც თუნდ ზევითმოტანილი ნიმუშები მეტყველებს.
ქრისტიანული სიყვარული საოცრებაა - მიმართული გაურკვეველი, დაფარული, ხორცშესხმული ღმერთისაკენ; რომელიც იღებს სათავეს ღმერთიდან, ადამიანიდან თუ ღმერთიდან ადამიანის გულში - და ამდენად ლოგიკურად გაურკვეველი, იგი მაინც გვევლინება, როგორც ყოვლად რეალური, ხორცშესხმული და ვნებითი განცდა, რომელიც ხშირად საოცრებებს ახდენინებს მორწმუნეთ.
ამდენად, შინაარსით ტრანსცენდენტური, რაციონალური თვალისათვის ბუნდოვანია, გვევლინება ყოვლად ვნებით და ადამიანურ ფორმებში; რაც თავის მხრივ, საბუთია მისი მტკიცე რეალობისა. გამომდინარე სიყვარულის იმ ახსნიდან, რომლის წარმოდგენასაც მე ზევით ვცდილობდი, ადამიანის არსი და ე. ი. მისი ცხოვრების მამოძრავებელი მიზანიც, მისი სულიერი ძალების წარმმართველი იმპულსებიც, ქრისტიანულ წარმოდგენაში უნდა გავიგოთ, როგორც გარკვეული ქმედითი, მეტამორფოზული ძალა, რადგანაც პიროვნების სულიერი ზესწრაფვა ესაა ნათესაურის სწრაფვა ნათესაურისადმი ღვთიურის მიზიდულობა და ლტოლვა ღმერთისაკენ - სიყვარული. ბუნებრივია სწორედ ეს სიყვარულია ქრისტიანული რწმენის ხასიათის განმსაზღვრელი; სწორედ ამ რწმენის განმტკიცებას ემსახურება წმინდანთა ინსტიტუტი, და ემსახურება შემდეგნაირად.: ამ ქმედებაში პირველყოვლისა აღსანიშნავია წმინდანის გავლენისუნარიანობა მრევლზე. წმინდანი მორწმუნეს მოევლინება, როგორც ნათელი მაგალითი იმისა, რომ გზა, რომლისკენაც მიუთითა მაცხოვარმა, არის რეალური და შესაძლებელი.
ამ იდეის განხორციელება, მისი თვალნათლივი ხორცშესხმაა წმინდანში. წმინდანი საბუთია იმისა, რომ გოლგოთის ეკლიანი გზა სრულდება ბრწყინვალე აღდგომითა და ახალი დაბადებით.
წმინდანი ბიძგია იქითკენ, რომ ადამიანი დაადგეს ქრისტეს ეკლიან გზას, რომელიც ასე მშვენივრად სრულდება და იძერწება მის სულიერ ხატში. ამდენად, წმინდანი არის მორწმუნის მიერ არჩეული გზის სისწორის რეალური დასაყრდენი და იმედი, მასაზრდოებელი ძალა. ამასობაში ნათლად ჩანს წმინდანთა ინსტიტუტის ერთი დამახასიათებელი მხარე და უდაოა მისი მნიშვნელობაც. მაგრამ ისმის კითხვა, რად არ შეიძლება შემოფარგვლა ერთი რომელიმე წმინდანით, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ თავისი პიროვნების წარმოდგენით შეასრულებდა იმ მისიას, რომელზედაც ზევით გვქონდა ლაპარაკი, წარმოაჩენდა სულიერი ამაღლების სიდიადესა და სიმშვენიერეს, მის რეალობას და შესაძლებლობას ადამიანისათვის. რისთვისაა საჭირო მთელი ის არაერთი ასეული სახელისგან შემდგარი ინსტიტუტი წმინდანობისა, რომელიც წარმოგვიდგება როგორც უზარმაზარი თეოლოგიურ - ინტელექტუალური ტრადიცია? ნუთუ ასეთი სიუხვე სულიერი თუ ფიზიკური შრომისა, არანაირი მიზეზით არაა განპირობებული? უფრო ნათლად რომ ჩამოვაყალიბოთ კითხვა, რადაა საჭირო ახალი წმინდანების შექმნა, რა ზნეობრივ, თეოლოგიურსა და ინტელექტუალურ დატვირთვას ატარებს ახალი წმნიდანი? აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალი წმინდანის შერაცხვის მიზეზად ძნელია ჩავთვალოთ მისი რაიმენაირი ეთიკური თუ თეოლოგიური კუთხით პრიორიტეტი წინა წმინდანთან შედარებით.
სწორედ პასუხი ამ კითხვაზე მიგვითითებს წმინდანთა ინსტიტუტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თავისებურებაზე: რწმენას, ისევე როგორც ყველაფერს ამ ქვეყნად, ემუქრება დრო, თუმცა აქაც საჭიროა გამოიკვეთოს ზოგიერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი: რასაკვირველია, რწმენა არაა მატერიალური მოვლენა და მისი მიმართებაც დროსთან განსხვავებულია მატერიალური საგნის მიმართებისაგან - გაცვეთა და სიბერე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რწმენას არ ემუქრება. მითუმეტეს, რომ რწმენა როგორც ვთქვით ინდივიდუალური ხასიათის მოვლენაა და ყოველი ადამიანის სულში თავის პირად, განუმეორებელ გენეზისს განიცდის. მაგრამ ამასთან ერთად უდავოა ის ფაქტიც, რომ არსებობს გარკვეული სოციალური მოვლენები, რომელნიც განსაზღვრავენ რწმენის მეტნაკლებობას ხალხში. მე ზევით მივუთითე წმინდანთა ინსტიტუტის ერთ ისეთ მახასიათებელზე, მის მრევლის მიმართ გავლენისუნარიანობაზე. წმინდანთა ინსტიტუტის ეს თვისება, რასაკვირველია, გარკვეულწილად განაპირობებს რწმენის გაძლიერებას. მაგრამ არსებობს ამ სახის არანაკლებ მნიშვნელოვანი სხვა მომენტიც: საქმე იმაშია, რომ კულტურა და სოციალური სფერო თავის უწყვეტ განვითარებაში, რასაკვირველია, იცვლის სახეს, იერსა და თვისებებს, იცვლება პიროვნების ტიპიც. რეალური და შესაძლებელია ასეთ შემთხვევაში მოხდეს ასე ვთქვათ, გაუცხოება იდეალთან. ე.ი. ადამიანმა აღარ იგრძნოს თავისი თავი ამ არსებად, რომლისაკენაც ჩვ.წ.აღ I საუკუნეში მიმართავდა მაცხოვარი თავის სიტყვას, ანუ არ იგრძნოს თავისი თავი იმ სულიერი ამაღლების შემძლედ, რომლისკენაც მოუწოდებს მას ქადაგება.
ნათელია, რომ აუცილებელი იყო ისეთი საშუალების მიგნება, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა მწმენის ამგვარ განელებას: ასეთ საშუალებად რწმენას წმინდანთა ინსტიტუტი მოევლინა: ყოველი ახალი წმინდანი ამავე დროს არის დესპანი, წარმომადგენელი თავისი დროისა და ეპოქის. მისი ამაღლება მთელი ხანის სულიერი ძალებისა და უნარიანობის გამომხატველია. ყოველი ეპოქის ადამიანს თავისი დროის წმინდანში შეეძლო ეპოვნა და ამოეცნო; დაედასტურებინა თავისი თავისთვის, რომ დროის შეცვლის მიუხედავად სამყარო და ის კანონები, რომლებიც მართავენ საზოგადოებას, ადამიანი - ის რაც მის არსს წარმოადგენს, უცვლელია და სწორედ ამ უცვლელობისკენაა მიმართული ქრისტიანული სიტყვა და ამდენადაა იგი მარადიული, რაც თავისმხრივ მის დღევანდელობასაც გულისხმობს. სწორედ ასეთი ცნობიერსა და ქვეცნობიერ ანალიზს უნდა მიეცა ძალა ადამიანისთვის და აღმოეფხვრა ეჭვი მის გულში. ადამიანმა თავი ქრისტიანული მორალური საოცრების შემძლედ იგრძნოს, რასაკვირველია, ამ რწმენას განამტკიცებს მისივე თანამედროვის ანალოგიური გმირობის მაგალითი. ესეიგი მეორე ფუნქცია წმინდანთა ინსტიტუტისა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს მისი ბუნებიდან - დროში განახლების უნარი - არის რწმენის განმტკიცება, სწორედ დროის მიმართ მდგრადობის ასპექტში. ამგვარად,შესაძლებელია შემდეგნაირად შევაჯამოთ ზემოთ ნათქვამი: ქრისტიანულ წმინდანთა ინსტიტუტის არსებობა გარკვულ რელიგიურ-სოციალურ მიზნებს ატარებს. ამ რელიგიური ინსტიტუტის მიზანია განამტკიცოს ის საფუძველი, რაზეც შენდება ყოველი რელიგია - რწმენა. ქრისტიანული სარწმუნოების შემთხვევაში ეს რწმენა უნდა აღმოცენდეს და განხორციელდეს სიყვარულში და სიყვარულიდან. სიყვარულით აღმოცენებულმა რწმენამ, სიყვარულისთვის და, ე.ი. ზნეობრივი სიწმინდისთვის, სულის სიყვარულით აღვსებისთვის - ქრისტიანული ამაღლების გზისთვის უნდა მოამზადოს ადამიანი. ასეთ რწმენას კი სჭირდება პიროვნების მიერ საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების დარწმუნება. სწორედ ამ რწმუნებას ახდენს ქრისტიანული წმინდანთა ინსტიტუტი, უჩვენებს რა წმინდანი ადამიანს და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - თანამედროვის, არსებობის მაგალითს. ,,ხოლო ისესო ჰქუა მას: უკუთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოვლივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“ (მარკოზ. 9:23). x x x
არის კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხიც, რომლის გარკვევა მოგვეხმარება არსებული პრობლემის გადაწყვეტაში. ეს საკითხი წმინდანისა და საზოგადოების ურთიერთობაა. პირველყოვლისა, რა კრიტერიუმით ხდება წმინდანად შერაცხვა, რა თვალსაზრისით ფასდება პიროვნება? გათვალისწინებულია წმინდანთა უამრავი სახეობის არსებობაც, რაც, თავის მხრივ ასეთი კრიტერიუმის მრავალშრეიანობაზე მიუთითებს. რასაკვირველია, უპირველესი და მთავარი ძალა, რომელიც ახორციელებს ასეთ შეფასებას, არის ეკლესია. ეკლესია, როგორც სულიერი რწმენის გამომხატველი სოციალური ერთეული, შერაცხავს პიროვნებას წმინდანად, რითიც თავისი რწმენის დაცვას ამ პიროვნებას მიანდობს. მაგრამ თუ გადავხედავთ წმინდანად შერაცხვის ისტორიას, ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა ძნელი იქნება. კრიტერიუმის მკვეთრი ფორმულირება შეუძლებელია არა მხოლოდ ისტორიული, არამედ, ეკლესიათა თვისობრივი განსხვავების გამოც. მაგრამ აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ გარკვეულად ეს კრიტერიუმი ზოგადქრისტიანული მორწმუნის იდეალის ფარგლებში მერყეობს. ე.ი. - ჩვენ მივადექით ისეთ სფეროს, რომელსაც საზღვრავს ადამიანური ინსტიტუტი - ეკლესია და ასეთი სახის მოვლენას კი შეუძლია ახასიათებდეს რაიმე უცვლელი. ეს, ალბათ, არცაა საჭირო, რადგანაც, როგორც ზევით ავღნიშნე, წმინდანი დროის შვილია და სწორედ ამ დროში, მისი ხასიათით შექმნილმა სოციალურმა ინსტიტუტმა უნდა აღიაროს და შერაცხოს იგი. მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს მეორე ფაქტსაც - წმინდანად შერაცხვის დროს მხოლოდ პიროვნება როდი განისაზღვრება; ეს ორი მოვლენა ურთიერთგანპირობებულია. ე.ი. წმინდანი გამოდის არა მხოლოდ როგორც დროის სულიერ შესაძლებლობათა წარმომადგენელი, არამედ თავისი პიროვნებით განსაზღვრავს კიდეც ეპოქას, მის სულს, აზრსა და მიმართულებას. და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ წმინდანი არა მხოლოდ სახეა ეპოქის, არამედ მისი შემქმნელიცაა. წმინდანობა ადამიანის სულიერი ცხოვრების ყოვლისმომცველი სფეროა, რომელიც რაიმე კონკრეტულ კულტულ თუ ეთიკურ ღირებულების წარმომჩენად კი არ გამოდის, არამედ ყველაფრის ჯამია. სწორედ წმინდანი, როგორც სულიერი ცხოვრების კვინტესენცია უნდა აძლევდეს, ქმნიდეს, აფორმებდეს ეპოქას. სოციალურად აღიარებული ეთიკური მეტრი, იგი განაპირობებს მთელი ხანის ზოგად სულიერ პრინციპებს. მაგრამ, მეორე მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წმინდანი და საზოგადოება ეს სწორედ ურთიერთგანპირობებული მოვლენაა. უეჭველია ის, რომ წმინდანად შერაცხვა უკვე მეტყველებს იმ დროის მსგავსი თვალსაზრისის აღიარებაზე. ამ საკითხზე მსჯელობისას საინტერესო იქნებოდა ერთი ეპიზოდის განხილვა, ილია ჭავჭავაძის პოემიდან ,,განდეგილი“. ეს ნაწყვეტი გვიხსნის როგორც ზემოხსენებულ პრობლემას, ასევე წარმოგვიდგენს კონკრეტულად ილია ჭავჭავაძის აზრს წმინდანობის შესახებ, რაც ჩვენთვის დიდი მნიშვნელობის მქონეა. ,,აქა ყოფილა უწინ კრებული ღვთისათვის ქვეყნიდან განდევნილ ძმათა და მდევარს ამას უდაბურს თურმე ისმოდა ქება წმინდა წმინდითა. აქა გამდგარან, განშორებიან ამ წუთის-სოფელს სამაცდუროსა, აქ ჰღირსებიან მართალთა თანა სავანესა მას საუკუნოსა. განსულან ამა ქვეყნით მამანი და ტაძარი ღვთის გაუქმებულა... იმათვის ღვაწლით ამ ტაძრის მადლი მთიელთა შორის ყველგან განთქმულა“.
უეჭველია, რომ აღნიშნული ეპიზოდი არა მხოლოდ კიდევ ერთ მხატვრულ შტრიხს მატებს განდეგილის სავანის აღწერას, არამედ მჭიდრო კავშირშია პოემის დედააზრთან - განდეგილობასთან. შემთხვევით არაა, რომ ილია აღწერს დიდების შარავანდედით მოსილ ქვაბულის წარსულს. განსაკუთრებით კი იმ მეცადინეობას, რომელიც აქ წმინდა მამათ ჰქონიათ გამართული და რომელსაც განდეგილისაგან განსხვავებით ბედნიერებასთან მიუყვანია ისინი. ,,აქ ჰღირსებიან მართალთა თანა სავანესა მას საუკუნოსა“. ეს სტრიქონები არ მეტყველებს იმაზე, რომ იმ დროს არ მოიძებნებოდა მშვენიერი ქალწული, რომელიც წრფელ ზრახვებს აურევდა მყინვარე შეხიზნულ ბერებს. უბრალოდ, ლოცვა-კურთხევაც, ასკეტიზმიც და ხორცის გვემაც შეესაბამებოდა, პასუხობდა, არ ეწინააღმდეგებოდა დროს. სამყარო, დრო, ეპოქა ცხოვრობდა იმ რიტმში, რომელსაც მყინვარზე მოყვეტილი ადამიანის არსებობა არ უკვირდა, ისე, როგროც ეს მწყემსის გოგონას გაუკვირდა (რომელიც ნათელია, ამასოფლის ხმაა პოემაში). დრომ შეითვისა განდეგილები, მეტიც, მათი ლოცვები, ალბათ, მხოლოდ მათთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის შვებისმომტანნი იყვნენ. მაგრამ: ,,განსულან ამა ქვეყნით მამანი და ტაძარი ღვთის გაუქმებულა“. -ეს არაა ღვთიური მადლის გაქრობა თუ კლება. უბრალოდ, დრომ მოითხოვა და წმინდანმა სოფელს მიაშურა. და სწორედ ესაა განდეგილის ტრაგედია, რომ იგი ცდილობს წაღმა დაატრიალოს დროის მიერ აბრუნებული ბორბალი. თვითონ დროის შვილი, არ ცნობს დროს.
ერთი ხანობა შეიძლება კიდეც, მაგრამ ნათელია, რომ ეს ძლევა არაა საბოლოო, დიდება ხელოვნურია და რაწამს განდეგილი ჰკარგავს მყვინვარის შეუღწევლობის ასხმულ ხელოვნურ მუზარადს, რაწამს ხდება იგი ადამიანი, სოციალური არსება, დროის შვილი, რადგანაც ყოველივე ეს მოაქვს მწყემსის ქალს - იგი დამარცხებულია. მაგრამ ის დიდებაც, რომელიც განდეგილს მოევლინა, არაა სრული, არ გამოხატავს სრულიად ადამიანურ შესაძლებლობებს, რადგან ადამიანი თავისი არსით სწორედ მოპირდაპირესთან იხსნება, სწორედ ძმასთან და არა მხოლოდ ღმერთთან სიყვარულში. აღწევს ქრისტიანი ამაღლებას (1 ეპ. იოან 4;) განდეგილმა თავის წინაპართაგან განსხვავებით მოიწყვიტა არა მხოლოდ ვნება, არამედ სოფელიც, ,,ძმებიც“, რადგან დრო, მისი რიტმი ასეთი მსხვერპლის გარეშე აბსურდულს ხდიდა მყინვარზე განმარტოებას. ამ აბსურდის დანახვის არსურვილმა მოაწყვეტინა, ამოაგდებინა განდეგილს სოფელი, თითქოს არ არსებობდა იგი, და ამ მსხვერპლმა თავის მხრივ, დაღუპა ასტეკი. ილია არა საზოგადოდ, არა საერთოდ აკრიტიკებს, ამარცხებს განდეგილობას. ეს არც იქნებოდა სწორი. იგი მიგვითითებს დროზე, იმ ეპოქაზე, რომელიც ქმნის, ბადებს და აუცილებელ ნიშანს ტოვებს ადამიანზე. დრო, რომელიც მოუწოდებს: ,,არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა ეზრუნოს“ – ვერ იღებდა განდეგილს (რასაკვირველია, ილია ,,განდეგილს“ სწორედ თავისი დროის მოთხოვნებიდან გამომდინარე ქმნიდა). სწორედ ას შეუსაბამობამ, შინაგანმა, ფარულმა აბსურდმა დაღუპა განდეგილი და არა დაუოკებელმა კაცურმა ვნებამ. რამ განაპირობა პრინციპების ასეთი ცვლა? ძნელია ამ მიზეზების ზუსტი მითითება, ამისთვის, ალბათ, მთელი ქართული და საზოგადო მსოფლიო აზროვნების მისი მეტაფორების დახასიათება იქნებოდა საჭირო. მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად და ილიაც სწორედ ამ ფაქტიდან, ცხოვრებისეული სინამდვილიდან გამომდინარე აგებს ახალი წმინდანის სახეს, თავისი ნაწარმოებებისა თუ ცხოვრების საშუალებით. მაგრამ როგორია ეს სახე? რას წარმოადგენს ჩვენი დროის ადამიანური იდეალი და რანაირად უნდა დავინახოთ, აღვიქვათ, გავიგოთ წმინდა ილია მართალია? ეს კითხვები სწორედ დღეს დგება ჩვენი საზოგადოების წინაშე და პასუხი მათზე წარმოადგენს არა მხოლოდ რაიმე ლიტერატურულ, ეთიკურ ან სოციოლოგიურ ღირებულებას, არამედ მან ბევრად უნდა განაპირობოს ჩვენი საზოგადოების მემრისი და ხვალინდელი დღე.
დღესდღეობით, ჩვენი დროის წმინდანის ნათელი გააზრება და წარმოდგენა ძნელია. საქმე ისაა, რომ მიუხედავად იმ ინფორმაციული სიუხვისა, რომელიც არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით: (მხედველობაში მაქვს ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები, სხვადასხვა თვალსაზრისით დაწერილი ბიოგრაფიები) ამ მასალის შეჯამება დამოკიდებულია მკითხველზე და ამგვარად, ვერ მოგვცემს წმინდანის რაიმე ერთ, უცვლელსა და ობიექტურ სურათს, რომლის შეცნობა წარმოადგენს ჩვენს მიზანს. უეჭველია, რომ ასეთი სახე უნდა შექმნას წმინდა ილია მართალის ჰაგიოგრაფიულ ჟანრში დაწერილმა ცხოვრებამ. ძნელია ამ მნიშვნელობის გადაფასება, რომელიც ექნება ამ ნაწარმოებებს. ფაქტიურად მეორე, მისტიური წმინდანად დაბადება, რომლითაც ილია მართალი თავისი წმინდანად შერაცხვის დღეს დაიბადება. ეს მეორე დაბადება საზოგადოებისთვის ამ ნაწარმოებებმა უნდა მოახდინონ. წმ. ილია მართალის და ამავე დროს ჩვენი დროის ეპოქისა და ჩვენი თანამედროვე სახის სწორედ ამ ნაწარმოებებმა უნდა შექმნან. ამ თხზულებამ უნდა შეავსოს ერთი მხრიდან დიდებისა და მარადიულობის შარავანდედით მოსილი წმინდანისა და ამავე დროს ჩვენი თანამედროვის, მოქალაქის საზოგადო მოღვაწის უაღრესად დინამიური სახე.
მათ უნდა ააღელვონ მკითხველი, უჩვენონ საოცარი ამაღლების მაგალითი და ჩვენ ილიას თანამედროვეთ, ჩვენი დროის შვილის ასეთი წარმატებით მოგვცენ ჩვენი სულიერი სისრულისა თუ შესაძლებლობების ძალა და რწმენა. ამ ნაწარმოებებმა უნდა ზუსტად მიგვითითოს იმ გზაზე, რომელსაც ჩვენ ეხლა ზოგადად ,,ილიასეულ პოეზიას“ ვუწოდებთ - ამ მოვლენას ყველა თეოლოგიური, მორალური თუ პოლიტიკური თვალსაზრისის გათვალისწინებით. ამგვარად უზარმაზარია ის როლი, რომელიც უნდა ითამაშოს, ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ დაუწერელმა ნაწარმოებებმა. მოლოდინი კი, ჩვენი დღევანდელი დღის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს. 1987 წლის ივლისში იზეიმა ქართულმა მართმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად ილია ჭავჭავაძის შერაცხვა. მაგრამ მადლი ამ დღესასწაულისა ჯერაც არ განელებულა და დროთა განმავლობაში სულ უფრო იძენს ძალას.
მასალის გამოყენების პირობები






