ორმხრივი სროლების შედეგად წალკაში ერთი პირი დაიღუპა, დაჭრილია კიდევ ერთ ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა პირადი კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.
მომხდარზე ვრცელდება დეტალებიც. როგორც ცნობილია, მომხდარში მონაწილეობს ორი ოჯახი, რომლებიც ერთმანეთს ენათესავებიან. საუბარია საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეზე, სამსონ თამარიანის ოჯახზე და ასევე საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატზე, აიკ მელტონიანის ოჯახზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი ქონებრივ დავას შეეხებოდა, კერძოდ მიწის ნაკვეთს, რომელსაც თამარიანი მელტონიანებს ედავებოდა.
როგორც გამოძიების დეტალებიდან ირკვევა, სამსონ თამარიანი მისი კუთვნილი ავტომობილით შეეჯახა მელტონიანის მცირეწლოვან შვილს, მელტონიანის ოჯახისწევრების განცხადებით ბავშვი დაჯახების შემდეგ ადგილზევე დატოვა. თვითმხილველების განცხადებით, როდესაც აიკ მელტონიანი და მისი ძმისშვილი ბავშვის წამოსაყვანად შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, თამარიანის შვილმა მათი მისამართით ცეცხლი გახსნა, რა დროსაც მელტონიანის ძმისშვილი შემთხვევის ადგილზე სასიკვდილოდ დაიჭრა და იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სისხლიანი გარჩევის დროს აიკ მელტონიანმაც ისროლა თამარიანების მისამართით, რა დროსაც სამსონ თამარიანის ძმა დაიჭრა.
სამართალდამცავებს სამსონ თამარიანის ვაჟი მკვლელობისთვის ჰყავს დაკავებული. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, იგი სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვისაა დაკავებული.
„მომიკლეს ძმისშვილი, ჩემი ძმა ციხეშია, ჩვენ თავებს გავწირავთ, დავიხოცებით კანონი თუ არ აღსრულდება, ჩვენ აღვასრულებთ მას. სამსონ თამარიანი თავისუფალი არ უნდა იყოს. ის აიკის ბავშვს დაეჯახა მანქანით და არასრულწლოვანი მიატოვა. როდესაც ჩემი ძმა და მეორე ძმისშვილი ბავშვის მოსაყვანად წავიდნენ, თამარიანის შვილმა ჩემს ძმისშვილს ესროლა. ის აპირებდა ჩემი ძმის მისამართითაც გაესროლა, რა დროსაც ჩემმა ძმამაც ისროლა. ამ ყველაფერში უფროსი თამარიანია დამნაშავე. ის თანამდებობით და გავლენებით სარგებლობს, ამ სოფელში ყველაფერს დაპატრონებულია“, - განაცხადა დავვით მელტონიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






