„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის გაჟონვასთვან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ საქმეზე გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს. თამარ კეკენაძე შესაბამის ორგანოებს აღნიშნული საკითხის მოკვლევისკენ მოუწოდებს, რადგან თვლის, რომ ამგვარი განცხადებები ქვეყნის იმიჯს ზიანს აყენებს.
„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც საკითხი ჩვენს თავდაცვისუნარიანობას ეხება. როდესაც ასეთი კითხვები ისმება, აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სწრაფი რეაგირება და დაიწყოს მოკვლევა. ამიტომ მე მივმართავ ყველა იმ უწყებას, რომლებსაც ეხებათ ამ საკითხების გამოძიება, თუ აქამდე არ დაინტერესებულან, დაიწყონ ამ საკითხის მოკვლევა, რადგან ეს ზიანს აყენებს მთლიანი ქვეყნის იმიჯს“,- განაცხადა თამარ კეკენაძემ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალი გიგი კალანდაძის განცხადებით, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.
"ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" აღმასრულებელი მდივანი ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაინიშნება თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და პრობლემაა, როდესაც სუს-ი სალანძღავი სიტყვა გახდა.
„ვინ დაინიშნებოდა თავდაცვის მინისტრად არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი თუ უსაფრთხოების სექტორიდან არის წამოსული, ცუდი არ არის, ნეგატიურია ის დამოკიდებულება, რაც დღეს არსებობს სუს-ის მიმართ",- განაცხადა თამარ კეკენაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






