დღეს ილიაობაა.
სწორედ ამ დღეს, ქართველთა საუკუნის ტრილოგიის – ,,ნათელი ქრისტესი. საქართველო”- ს მესამე ტომის სასიგნალო ეგზემპლარი გამოვიდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზეიმოდ გადასცემს საქართველოს პატრიარქს.
,,ნიუპოსტი" ილიაობას ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ისტორიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ ნესტან კირთაძესთან , რომელიც საუკუნის ტრილოგიის "ნათელი ქრისტესი. საქართველო"-ს პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორია:
,,ამ მონუმენტური წიგნით, ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე სრულიად განსხვავებული აქცენტებით წარმოჩნდება ქრისტიანული ცივილიზაციის უძველესი ქვეყანა – საქართველო".

ქართველთა საუკუნის წიგნი გააზრებულია თანამედროვეობის უდიდესი მოღვაწის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ეპოქალური მოღვაწეობის პრიზმაში.
წარმოჩენილია ღვაწლი პატრიარქისა, რომელმაც საქართველოს ურთულესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად მძიმე ჟამს, ათეისტური დიქტატურის მძვინვარების ხანაში იტვირთა ჯვარი პატრიარქისა, იტვირთა მოციქულებრივი მისია და მეორე სულიერი დაბადებით ქართველი ერი მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში დააბრუნა.
ეს არის საგა შორსმჭვრეტელი, სიბრძნითა და მოთმინებით მმართველი პატრიარქისა, რომელმაც დაუღალავი მოღვაწეობის თითქმის 40 წლის განმავლობაში შექმნა ეპოქა.
ეპოქა უპრეცედენტო აღმშენებლობისა – ტაძართა და მონასტერთა მშენებლობისა, აღდგენისა და განახლებისა, მართლმადიდებელი ქრისტიანი მრევლისა და ეპარქიათა არნახული გამრავლებისა, ბერმონაზვნური ცხოვრების აღორძინებისა, სასულიერო აკადემიების, სემინარიების, გიმნაზიების, წმ. ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის დაარსებისა; მემატიანის მიერ ,,სხუად ათინად” და ,,მეორე იერუსალიმად” წოდებული გელათის აკადემიის აღდგენისა;
ეპოქა დიდი კონსტიტუციური შეთანხმებისა;
ეპოქა ქართული საეკლესიო გალობისა და ქრისტიანული კულტურის აღორძინებისა;
ეპოქა მეცნიერებისა და სულიერების დაახლოებისა – მეცნიერების გასულიერებისა და სულიერების გამეცნიერებისა;
ეპოქა პრინციპული და დაუღალავი ღვწისა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მისი უძველესი ავტოკეფალიის ცნობისა და საერთაშორისო აღიარებისთვის და მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქში ისტორიულად მისი კუთვნილი ადგილის დასაბრუნებლად;
ეპოქა საქართველოს თავისუფლების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მოპოვებისა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სახელმწიფოებრივი ერთიანობისათვის ბრძოლისა;
ეპოქა სამშვიდობო ინიციატივებისა და გლობალური მნიშვნელობის ახალი სამშვიდობო პროექტების რეალიზაციისა რეგიონსა და მთელ მსოფლიოში;
ეპოქა სულიერი განახლებისა, რაც სიმბოლურად სამების საკათედრო ტაძრის მონუმენტურ მშენებლობაში გაცხადდა;
ეპოქა თვისობრივად ახალი საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა;
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თითქმის 40 წლის განმავლობაში დაუღალავი მოღვაწეობითა და მოგზაურობებით აღადგინა, განავითარა და გააღრმავა ურთიერთობები მსოფლიო მართლმადიდებელ სამყაროსთან, სომხეთის სამოციქულო ეკლესიასთან, წმინდა მიწასთან;
დაიწყო საერთაშორისო ურთიერთობები მსოფლიო რელიგიებთან: ვატიკანთან, ანგლიკანურ ეკლესიასთან, იუდაიზმთან;
საქართველოს ისტორიაში პირველად განავითარა საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის პოლიტიკა ისლამურ სამყაროსთან.
ეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკა ევროპა-აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოსათვის, რათა სულ უფრო მეტი კონტაქტებისა და თანამშრომლობისათვის განაწყოს მსოფლიო ცივილიზაციები და საერთაშორისო თანამეგობრობა;
ეს არის ეპოქალური პატრიარქის, ილია II-ის ტიტანური ძალისხმევა, რათა გამოიკვეთოს ქართული სახელმწიფოს გეოცივილიზაციური ფუნქცია და საქართველო ცივილიზაციათა და კულტურათა მუდმივი დიალოგის რეგიონულ ცენტრად იქცეს.
საუკუნის წიგნი თაობებს აცნობს კულტურათა და რელიგიათა გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს უძველესი ისტორიის ანალებს, მის თანამედროვეობას, სულიერებასა და უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს საძირკველში დატანებულ მარადიულ და წარუვალ ღირებულებებს’’- განაცხადა ნესტან კირთაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






