საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე მოსამართლეები პროკურატურისგან საბოლოო დასკვნას ელოდებიან. მოსამართლეთა ნაწილი ეხმაურება იმ შუალედურ დასკვნას, სადაც საუბარია, რომ დაკითხული მოსამართლეები არ ადასტურებენ მათზე განხორციელებულ ზეწოლას.
“ჩვენ ყველანი მეგობრები ვართ, ასე იქნება მუდამ, მაგრამ გადაწყვეტილების კანონიერებას და სამართლიანობას ნამდვილად არავის ეჭქვეშ არ დავაყენებინებ, ვინც არ უნდა იყოს, რომელი მხარეც არ უნდა იყოს, მითუმეტეს, სადაც ჩემი ხელმოწერა იქნება. საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმალურ მუშაობაში შედის ის, როდესაც არ არის საუბარი ვიღაცაზე ზეგავლენის მოხდენაზე. აი მაშინ მუშაობს საკონსტიტუციო სასამართლო ნორმალურად,“ - განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა ოთარ სიჭინავამ.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა თევზაძემ.
„ხვალინდელი პროცესი სავარაუდოდ გადაიდება, ზეგინდელ პროცესზე ჩვეულებრივად შევდივართ. ეს არ არის დაპირისპირება, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ცალკეულ მოსამართლეებს მიაჩნიათ, რომ სანამ არ გაირკვევა რაღაცებზე კითხვის ნიშნები, გვჭირდება მეტი დრო,“ - განაცხადა ზაზა თევზაძემ.
მერაბ ტურავა კი აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს.
„მე და ჩემი კოლეგები, ვინც განცხადებას აწერს ხელს, იმას კი არ ვამბობთ, რომ ბოლო სარჩელი რატომ მიიღო წარმოებაში კოლეგიამ, არამედ ვამბობთ იმას, რომ პირველი სარჩელი რა პროცედურით შეიცვალა მეორე სარჩელად. ეს არის ჩვენი კითხვის ნიშანი და ჩვენ განმწესრიგებელ სხდომაზე, ეს საკითხი არ გვქონდა გასარკვევი. ჩვენ მივიღეთ წარმოებაში მეორე საბოლოო ვერსია. ძნელია თქმა იმისა, ხვალ რა მოხდება,“ - განაცხადა ტურავამ.
მასალის გამოყენების პირობები






