ერთმანეთს ოზურგეთიდან მიმავალი სკოლის ავტობუსი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
როგორც "გურიის მოამბეს" თვითმხილველებმა აცნობეს, ორთავე ავტობუსში იმ დღეს ოზურგეთში პრემირ მინისტრთან შესახვედრად წაყვანილი პედაგოგები ისხდნენ.
იყო თუ არა შეთანხმებული სასკოლო ავტობუსის გაქირავება, თუ თხოვება და პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელთან და განათლების სამინისტროსთან, კომენტარი ვთხოვეთ ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონი ნინო ჩიტაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია და ავტობუსი ერთი დღით სოფლის დეპუტატს სკოლამ ათხოვა:
„სასკოლო ავტობუსი ამ შემთხვევაში გამოყენებული ჰყავდათ როგორც უბრალოდ ტრანსპორტი, რომელიც სკოლისგან ითხოვა სოფლის დეპუტატმა ოზურგეთში პრემიერის შესახვედრად ხალხის გადასაყვანად. იმ ავტობუსში პედაგოგი იჯდა სამი თუ ოთხი, რა ინფორმაციაც მე მაქვს. დანარჩენები იყვნენ სპორტის გაერთიანების თანამშრომლები და სოფლის მოსახლეობა. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს. მძღოლი იყო სოფელ ქვიანის სკოლის პედაგოგი, რომელიც ასევე მუშაობს სასკოლო ავტობუსის მძღოლად. პედაგოგებიც იყვნენ შვებულებაში და არაფერი კანონდარღვევა არ არის იმაში, თუ არდადეგების დროს ისინი წამოვიდნენ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე დასასწრებად“-გვითხრა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიტაძემ.
_ სასკოლო ავტობუსის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზეა საუბარი ქალბატონო ნინო, ეს თქვენთან შეთანხმებით მოხდა?
_ არა, ეს მე არ ვიცოდი, როდესაც ეს მასალა "გურიის მოამბეში"დაიწერა, მეორე დღეს დამირეკეს სამინისტროდან და დაიწყეს გარკვევა რა მოხდა და რატომ მოხდა. მაგრამ, აუხსნეს მათ, რომ ავტობუსის განათხოვრებაზე საკრებულოში არსებობდა შესაბამისი დოკუმენტი.
მე კი ვიცოდი წინ დღით ტრანსპორტის შეგროვება რომ იყო და ეძებდნენ ხალხის გადასაყვანად მიკროავტობულებს, მაგრამ თუ სკოლის ავტობუსიც ითხოვეს, ეს არ ვიცოდი. უბრალოდ, სოფლის დეპუტატი მივიდა საკრებულოში და ითხოვა ავტობუსი უსასყიდლოდ, არაფერი ამაში კანონდარღვევა არ არის. არსებობს ამის პრაქტიკა, რომ სასკოლო ავტობუსი ითხოვონ, ვერ გეტყვით ხშირად-მეთქი, მაგრამ არის ასეთი შემთხვევები. არსებობს შესაბამისი ხელშეკრულება, რომ ეს ავტობუსი ერთი დღით უნდა ეთხოვებინათ.
_ განათლების სამინისტროდანაც იყო ამაზე თანხმობა?
_ მე რაც ვიცი, განათლების სამინისტროსთან ამაზე შეთანხმება არ ყოფილა.
_ თუ სკოლის ავტობუსის განათხოვრებაში არ არის პრობლემა, შეიძლება ხვალ რომ მის სათხოვნელად რომელიმე ოპოზიციური პარტია მოვიდეს? უარს არ ეტყვით?
_ პარტიასთან რა შუაში იყო ეს ამბავი. უბრალოდ დასჭირდა სოფლის დეპუტატს და უარი არ უთხრეს.
-_ სოფლის დეპუტატს სკოლის ავტობუსი სჭირდებოდა ხელისუფლებასთან შესახვედრად, ხალხის გადმოსაყვანად, ამაში პოლიტიკურ დაკვეთას ვერ ხედავთ, გამართლებულად მიგაჩნიათ?
_ ძალიან გთხოვთ ქალბატონო თეა, ამას პოლიტიკურ შეფასებებს ნუ მივცემთ, მე გესაუბრებით იმაზე, რომ ერთ სამსახურს დასჭირდა მეორე სამსახურის დახმარება და ეს იყო სულ-გვითხრა ჩიტაძემ.
თეა იოსელიანი-გურია
მასალის გამოყენების პირობები






