პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, მათვის გაუგებარია რა კრიტერიუმებით შეირჩა ევა გოცირიძის კანდიდატურა. კოჟორიძემ ,,ნიუპოსტთან“ საუბარში ევა გოცირიძის იუსტიციის საბჭოში მუშაობაც შეაფასა და განაცხადა, რომ ის ემხრობოდა ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას, მაშინ როდესაც მურუსიძის სამართალს ევროსასამართლომ გამაოგნებელი უწოდა:
„მე ვერ გეტყვით ევა გოცირიძე რა კრიტერიუმებით იქნა შერჩეული, სწორედ მაგას ვკითხულობ, ფაქტია რომ კომისიამ, რომელიც შექმნილის იყო იმ მიზნით, რომ შეერჩია კანდიდატები, უფრო მაღალი ქულები დაუწერა ანა დოლიძეს ვიდრე ევა გოცირიძეს, მაგრამ მთავრობამ პრიორიტეტი ევა გოცირიძეს მიანიჭა.
ამიტომ გაჩნდა კითხვები, თუ შეიქმნა კომისია და ქულების მიხედვით შეფასდა კანდიდატები, მაშინ რატომ არ მიენიჭა პრიორიტეტი იმ კანდიდატს, ვისაც უფრო მაღალი ქულები ჰქონდა. მეორე, ასევე ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი. როგორც ვიცით ევროსაბჭოს ექსპერტებს სამიდან, რომელიც პირველ ეტაპზე წარადგინა საქართველოს მთავრობამ კანდიდატებად, ორ კანდიდატთან ჰქონდა გარკვეული კრიტიკული შენიშვნები, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მხოლოდ ერთი შეეცვალა, შესაბამისად ჩნდება კითხვა, რატომ? თუ მთავრობა შეცვლიდა მეორე კანდიდატსაც, მაშინ მას მოუწევდა ანა დოლიძის სამეულში ჩასმა, ჩვენ გვიჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ სწორედ იმიტომ, რომ ანა დოლიძე არ მომხვდარიყო იმ სამეულში, საიდანაც ევროსაბჭომ უნდა შეარჩიოს საბოლოოდ მოსამართლე, სწორედ ამიტომ არ მოხდა ორივე კანდიდატის ჩანაცვლება, მოხდა მხოლოდ ერთის და ესეც მთელი რიგი კითხვის ნიშნებით" - აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი.
კახა კოჟორიძისთვის გაუგებარია იუსტიციის მინისტრის გუშინედელი განცხადება, როდესაც მან აღნიშნა, რომ მორალური კრიტერიუმების მიხედვით არ ფასდებიან კანდიდატები.
,,პირველ რიგში უცნაურია, ზოგადად მოსამართლეობის კანდიდატები არ შეფასდნენ მორალური კრიტერიუმების მიხედვით და სულ ერთი იყოს მორალურია თუ ამორალური. იუსტიციის მინისტრი იყო იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ამ კანდიდატებს არჩევდა და ეს კომისია მოქმედებდა კონკრეტული დებულების საფუძველზე. აქტი არის მიღებული, მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული თუ როგორ უნდა შეერჩია, რისთვის უნდა მიექცია ყურადღება ამ კომისიას და ამ დებულებაში წერია პირდაპირ, რომ მორალური კრიტერიუმი არის ერთ-ერთი ის სფერო, რომლის მიხედვითაც კომისია არჩევს კანდიდატებს. ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრის განცხადება გაუგებარია" - ამბობს კოჟორიძე.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართოლოში წარმოდგენილი კანდიდატი, რომელმაც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მაღალი სასამართლოს სტანდარტი უნდა დაუდგინოს ევროპას, უნდა შეირჩეს ყველა იმ კრიტერიუმით, რომელიც კითხვის ნიშნებს არ გააჩენს. კახა კოჟორიძე იუსტიციის საბჭოში ევა გოცირიძის მიერ მიღებულ საკამათო გადაწყვეტილებებსაც იხსენებს, მათ შორის მამუკა ახვლედიანის საკამათო გათავისუფლებას თანამდებობიდან.
,,ეს პროცესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი, საქართველოს ჰყავს და უნდა ჰყავდეს ერთადერთი წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ევროპის ყველა ქვეყანას ასე ჰყავს, არის საუბარი ძალიან მაღალი თანამდებობის პირზე, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელს ევროპას უნდა დაუდგინოს სამართლის სტანდარტები, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტები, შესაბამისად ეს უნდა იყოს კანდიდატი, რომელიც ყველა ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. შესაბამისად უნდა შეირჩეს ისეთი პროცესით, რომელიც ასეთ კითხვებს არ გააჩენს. ეს პროცესი არ უნდა დამსგავსებოდა რაღაც პარტიულ გადაწყვეტილებას - რომელიმე პარტია რომ წარადგენს რომელიმე რეგიონში თავის მაჟორიტარობის კანდიდატს და როგორც წერია ამ აქტში, მთავრობის დადგენილებაში, როგორიც არის ევროსაბჭოს სტანდარტები, რომ პროცესი გამჭვირვალედ და დემოკრატიულად უნდა წარიმართოს, ასე უნდა წარმართულიყო სწორედ, რომ შესაბამისობაში ყოფილიყო იმ მაღალა ავტორიტეტთან რაც აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
ყველას კარგად ახსოვს მთელი რიგი კითხვის ნიშნები, რაც უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას. ამ საბჭოს წევრი იყოს სწორედ ქალბატონის ევა გოცირიძე. მას არა ერთ საკითხზე აქვს საკამათო გადაწყვეტილება მიღებული. თუნდაც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბატონი მამუკა ახვლედიანის ძალიან საკამათო გათავისუფლება თანამდებობიდან და ლევან მურუსიძის მეორედ მოსამართლედ დანიშვნა. ერთი მხრივ ჩვენ გვახსოვს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ლევან მურუსიძის სამართალს რომ გამაოგნებელი უწოდა, შემდეგ ევა გოცირიძემ სხვებთან ერთად ბატონი ლევანი მეორედ დანიშნა მოსამართლედ და გააოგნა ქართული საზოგადოება, ამ ყველაფრის შემდეგ საქართველოს მთავრობას უნდა, რომ ევა გოცირიძე იყოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, რა თქმა უნდა ეს სხვა კითხვებთან ერთად მთლიანობაში ადასტურებს იმას, რომ ეს იყო პოლიტიკური პროცესი და არა პროცესი, რომელიც მიზნად დაისახავდა ყველაზე ღირსეული კანდიდატების შერჩევას და კონკურენტული გარემოს შექმნას, რათა სამივე, ვინც დასახელდებოდა ყოფილიყვნენ შესაბამისაობაში კრიტერიუმების მიხედვით ევროსასამართლოს მაღალ სტანდარტებთან და შემდეგ უკვე ევროსაბჭო გადაწყვეტდა ამ სამიდან რომელი უნდა გამხდარიყო საბოლოოდ მოსამართლე“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






