„უნდა დაწყებულიყო მასობრივი მშენებლობები. ამის თაობაზე ტენდერიც გამოცხადებული იყო. ტენდერში გამარჯვებულიც გამოვლინდა - ერთ-ერთი უცხოური კომპანია. პროექტი ძალიან მასშტაბური იყო, 22-სართულიანი რვა სახლი უნდა აშენებულიყო კრწანისში, რომელიც ახლა უკვე ექსპლუატაციაში იქნებოდა შესული და იქ 2088 ოჯახს უნდა მიეღო ბინა. ამ საკითხმა დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამას შეეწინააღმდეგა ეკონომიკური საბჭოს მდივანი და მდივნის აპარატი. მათ ჰქონდათ ხედვა, რომ გაჩერებულ მშენებლობებში წასულიყო ფული და დევნილებს ბინები გაჩერებული მშენებლობების დამთავრებით მისცემოდათ, რაზეც მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. არანაირად არ მინდოდა, დევნილთა საბინაო თემაში შემოსულიყო გაკოტრებული კომპანიების თემა. ვთვლიდი, რომ ამ შემთხვევაში წინა პლანზე წამოვიდოდა გაკოტრებული კომპანიების, ბიზნესის ინტერესები და არა - დევნილი მოსახლეობის. ამის შემდეგ რადენიმე თვეში მოხდა ჩემი გათავისუფლება, მაგრამ ჩემთვის არავის უთქვამს, რომ მიზეზი ეს იყო, თუმცა, შემდეგ ეს ტენდერი ახალმა მინისტრმა გააუქმა და მათ ბინების შეძენა ბაზარზე დაიწყეს. მათ შორის ამ გაკოტრებული კომპანიებისათვის ფულის ავანსად ჩარიცხვაც კი.“- აცხადებს დარახველიძე.
ყოფილი მინისტრი იმ პირებსაც ასახელებს, რომლებიც აღნიშნულ პროცესებს ლობირებდნენ:
„საბჭოს იმდროინდელი მდივანი რომან ჩხენკელი, რომელიც ღარიბაშვილის მრჩეველი იყო. ასევე ძალიან აქტიურობდა ირაკლი როსტომაშვილი, მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე. ეს გაკოტრებული კომპანიები ცდილობდნენ ამ მათთვის მომგებიან საქმეში ჩართულიყვნენ და თან სამინისტროს ბიუჯეტიდან ფული ავანსად მიეღოთ. ჩემი გამოშვების შემდეგ ეს პროცესი დაიძრა. ამ ბოლო ერთ წელიწადში რამდენიმე ბინა ამ კომპანიების მიერ არც გადაცემულა.“- აღნიშნა დარახველიძე.
მასალის გამოყენების პირობები






