საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებებს საპარლამენტო უმრავლესობაში პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ. დეპუტატების განცხადებით, გიორგი პაპუაშვილს ზეწოლის შესახებ გაკეთებული განცხადების დამტკიცება გაუჭირდება. უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ურჩევს, მივიდეს საგამოძიებო ორგანოში და მიაწოდოს დასაბუთებული ინფორმაცია.
“გიორგი პაპუაშვილი ახლა ცდილობს პროკურატურას მიაყენოს ჩრდილი და მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, რადგან ძალიან გაუჭირდება იმის დამტკიცება, რომ მასზე ან რომელიმე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე ზეწოლა, ან შანტაჟი მიმდინარეობს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუაშვილმა გასულ კვირას გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება. ამავდროულად, პაპუაშვილი შეხვდა გიორგი მარგველაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს და მათ აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა. მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






