საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე გახლდათ, ასევე გეოგრაფიის დოქტორი მალხაზ ღვინჯილია (გამარჯვებული კონკურსანტის ყოფილი დოქტორანტი), ხოლო მოადგილე - ისტორიის დოქტორი ნიკო კვარაცხელია, დანარჩენი 3 წევრი კი ეკონომიკის დოქტორები: ელისაბედ ბალიაშვილი, ლეილა ღუდუშაური და გიული ქეშელაშვილი. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, არც საბაზისო ცოდნა და არც სამეცნიერო ხარისხი ტურიზმის დარგში არც ერთს არ გააჩნია. როგორც აღმოჩნდა, იგივე მდგომარეობაა სააპელაციო კომისიასთან დაკავშირებით.
საკონკურსო კომისიის დასკვნის საფუძველზე გამარჯვებული კონკურსანტის - იოსებ ხელაშვილის პროფესიული ბიოგრაფია ტურიზმში ეჭვს ბადებს:
1996 წლიდან 2016 წლის 1 მარტამდე მისი საქმიანობა ტურიზმის არც განათლებას, არ მეცნიერებას და არც პედაგოგიკას არ უკავშირდება. შესაბამისად, იგი ვერ აკმაყოფილებს კონკურსის ვერც ერთ ძირითად მოთხოვნას (აქვს 20-წლიანი წყვეტა შემდეგ ძირითად საკონკურსო კრიტერიუმებში: პედაგოგიური სტაჟი, სამეცნიერო პუბლიკაციები, გამოცემული სახელმძღვანელოები და სალექციო კურსები, კონფერენციებზე მოხსენებები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელობა და ტურიზმის მეცნიერებასა და განათლებასთან დაკავშირებული სხვა აქტივობა), რაც საკონკურსო კომისიის შედეგების გასაჩივრების საფუძველი გახდა.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა დეპარტამენტმა საკონკურსო კომისიის პროცედურების სრული დარღვევების ანალიზიდან გამომდინარე დადო დასკვნა, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ არ დაამტკიცა კონკურსის შედეგები და შესაბამისი მითითებით უკან დაუბრუნა იგივე კომისიას.
არსებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამართულ კომისიებში დეკანის - პროფესორ თეიმურაზ ბერიძის მიერ საკონკურსო და სააპელაციო კომისიების შემადგენლობაში მონაწილეობს ერთი და იგივე პიროვნებების უმრავლესობა, რომლებიც დეკანის - თეიმურაზ ბერიძისა და სხვა დაინტერესებულ პირთა შეკვეთებს ასრულებენ.
,,ნიუპოსტი“ დეტალების გასარკვევად ეკონომიკის დოქტორს, პროფესორ მარინა მეტრეველს ესაუბრა.
,,ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაყალბებული კონკურსების ტრადიცია გრძელდება“ - აცხადებს ჩვენთან საუბარში მარინა მეტრეველი, რომელიც საინჟინრო აკადემიის წევრ კორესპონდენტი, ტურიზმის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი და საქართველო ტურიზმის დამსახურებული მუშაკია.
,,ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე წლების მანძილზე ჩამოყალიბებული არაობიექტური და მიკერძოებული მიდგომები ხელს უშლის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროცესების განვითარებას და საქართველოს ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების ინტერესთა რეალიზაციას.
ტურიზმის სპეციალისტები და სამეცნიერო საზოგადოება ინტერესით თვალყურს ადევნებს და ელოდება აღნიშნული კონკურსის ბათილად გამოცხადებით აკადემიური საბჭოს ობიექტურ გადაწყვეტილებას, რაც დროული და აუცილებელია, როგორც უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე არაჯანსაღი მდგომარეობის კარდინალური ცვლილებებისათვის, ასევე, უნივერსიტეტში ტურიზმის სწავლების გაძლიერებისა და განვითარებისათვის“ - განაცხადა მარინა მეტრეველმა ,,ნიუპოსტთან“.
მასალის გამოყენების პირობები






