სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.
უწყების დასკვნით 2012-2013 სასწავლო წლის II სემესტრიდან 2014-2015 სასწავლო წლის I სემესტრის ჩათვლით სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნა, სატრანსპორტო საშუალებების საკუთრების ან იჯარის შესახებ ინფორმაცია, ფორმალურ ხასიათს ატარებდა და წარმოადგენდა ერთგვარ დამაბრკოლებელ ფაქტორს ტენდერში მონაწილეობის მსურველი სხვა კომპანიებისთვის. უწყება განათლების სამინისტროს რეკომენდაციას აძლევს, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში დამატებითი მოთხოვნები უნდა იყოს დასაბუთებული, არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და უზრუნველყოფდეს შესყიდვის პროცესში კონკურენტული გარემოს განვითარებას.
აღნიშნულის შესახებ „ნიუპოსტთან“ საუბრისას კომენტარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი აკეთებს. შაშკინი საუბრობს იმ სქემაზე, რომლის მიხედვითაც სკოლებს სამარშუტო ტაქსები და ავტობუსები ემსახურებიან. მისი განმარტებით საუბარია ათობით მილიონ ლარზე, რომელიც წლის განმავლობაში იფლანგება განათლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან. ასევე ხაზს უსვამს თაღლითურ გარიგებას, რომლის თანახმადაც სკოლების ავტობუსებით უზრუნველყოფისათვის შუამავალებად ორი კომპანია დაფიქსირდა, რომელთა მმართველიც ერთი და იგივე პირია:
„სახელმწიფო აუდიტი სამსახურის დასკვნამ დაამტკიცა ის, რაზეც მე ვსაუბრობ 2013 წლიდან, როდესაც ეს პროგრამა ამოქმედდა. ჩვენ 2012 წელს ახალ მთავრობას დავუტოვეთ საკმარისი ფული და გეგმა იმისათვის, რომ სკოლებისთვის დაწყებულიყო ავტობუსების შეძენა. ეს პროცესი იყო გაწერილი ხუთი წლის განმავლობაში და ყველა სკოლას, რომელსაც სჭირდებოდა, ეყოლებოდა საკუთარი ავტობუსები. იმის ნაცვლად, რომ ეს განხორციელებულიყო, ახალმა მთავრობამ, ახალმა მინისტრმა გამოაცხადა ახალი იდეები და დაიწყო ამ ავტობუსების დაქირავება სკოლებისთვის. შემოვიდა ორი კომპანია და აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ორივე კომპანია ერთი და იმავე ადამიანს ეკუთვნის და ერთი და იგივე ადამიანი არის ორივე კომპანიის დირექტორი. ნათელია, რომ საქმე თაღლითობასთან გვაქვს, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი ხელოვნურად ყოფს და ქმნის ორ კომპანიას და ამ ორ კომპანიას შორის გადანაწილდა ეს ფული, ავტობუსების დაქირავებისთვის. ამ კომპანიებს არ გააჩნია საკუთარი ავტობუსები და არიან მხოლოდ შუამავლები. მათ განათლების სამინისტროდან, ანუ ბიუჯეტიდან აიღეს ფული, ხელშეკრულება გაუფორმეს მძღოლებს, ვისაც ჰყავდა სამარშუტო ტაქსები, ბუნებრივია მათი ტეკნიკური დათვალიერევბა არ მოხდა, ამ კომპანიაება დაიტოვეს შუამავლის პროცენტი და დაიწყეს ამ პროექტის განხორციელება. ამ ოთხ წელიწადში გახარჯეს იმდენი ფული, რაც საჭირო იყო 2 200 სკოლიდან ზუსტად ნახევარს საკუთარი ავტობუსი ჰყოლოდა. ასე იფლანგება განათლებისთვის გამოყოფილი თანხები.
ამაზე ვსაუბრობდი 2013 წელს, რომ ჩვენ გვაქვს საქმე გაფლანგვასთან და თაღლითობასთან. საუბარი გვაქვს წელიწადში ათობით მილიონ ლარზე. მხოლოდ 2014 წელის მეორე სემესტრის განმავლობაში 30 მილიონი დახარჯეს ამ ავტობუსების დაქირავებაზე. ოთხი წლის განმავლობაში იფლანგება ათობით მილიონი ლარი, ილექება კონკრეტული ჯგუფების ჯიბეში, გარდა იმისა, რომ ფულს პარავენ და ფლანგავენ, ამას ემატება ის, რომ ეს ავტობუსები ბავშვებს არ ემსახურება, ანუ ქაღალდზე დარჩა მათი ქირაობა. იმდენად უნამუსოები არიან, რომ გარდა იმისა, რომ პარავენ ფულს, არც ემსახურებიან ბავშვებს“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






