უწყების დასკვნით 2012-2013 სასწავლო წლის II სემესტრიდან 2014-2015 სასწავლო წლის I სემესტრის ჩათვლით სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნა, სატრანსპორტო საშუალებების საკუთრების ან იჯარის შესახებ ინფორმაცია, ფორმალურ ხასიათს ატარებდა და წარმოადგენდა ერთგვარ დამაბრკოლებელ ფაქტორს ტენდერში მონაწილეობის მსურველი სხვა კომპანიებისთვის. უწყება განათლების სამინისტროს რეკომენდაციას აძლევს, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში დამატებითი მოთხოვნები უნდა იყოს დასაბუთებული, არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და უზრუნველყოფდეს შესყიდვის პროცესში კონკურენტული გარემოს განვითარებას.
ამასთანავე როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული ტენდერში მონაწილე კომპანიები, თავიანთი შეთანხმებული მოქმედებით სამინისტროს არ აძლევენ პროგრამის ფარგლებში სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების შესაძლებლობას, ვინაიდან მოთხოვნა, რომელიც „მიუღებელი“ აღმოჩნდა წარმოადგენდა კონტროლის მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა შეეფასებინა, რამდენად უზრუნველყოფდა ესა თუ ის კომპანია სატენდერო პირობებით განსაზღვრული მომსახურებით ბენეფიციარების სრულად დაფარვას.
სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურების წესი და პირობები რეალური ბიზნესპრაქტიკის გათვალისწინებით იძლევა გაწეული მომსახურების მიხედვით საბაზრო პირობებისადმი არაადეკვატური „მოგების ნორმის“ წარმოშობის შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ ხარჯვის რისკებს.
გამოვლინდა 813 საჯარო სკოლა, სადაც პროგრამაში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების ტევადობის გათვალისწინებით, ფაქტობრივად გაწეული სატრანსპორტო მომსახურებით შესაძლებელი იყო პროგრამის ბენეფიციარების (მოსწავლეების) მხოლოდ ნაწილის დაფარვა. 2012 -2013 სასწავლო წლის II სემესტრიდან 2014-2015 სასწავლო წლის II სემესტრის ჩათვლით პროგრამაში ჩართული 220,842 სკოლის მოსწავლიდან, სატრანსპორტო საშუალებების ტევადობის გათვალისწინებით მომსახურების მიღების შესაძლებლობა შეეზღუდა 57,932 ბენეფიციარს, რაც ჯამური რაოდენობის 26%-ს შეადგენს.
სატრანსპორტო საშუალებები ტექნიკური აღჭურვილობის მიხედვით არ არიან ადაპტირებული ბავშვების გადასაყვანად და ვერ უზრუნველყოფენ ზამთრის პირობებში მათ უსაფრთხო გადაადგილებას.
აუდიტის სამსახური განათლების სამინისტროს პრობლემების მოგვარების და ხარვეზების გამოსწორების მიზნით რეკომენდაციებით მიმართავს:
სატენდერო დოკუმენტაციაში დამატებითი მოთხოვნები უნდა იყოს დასაბუთებული, არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და უზრუნველყოფდეს შესყიდვის პროცესში კონკურენტული გარემოს განვითარებას.
სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნას:
განსახორციელებელი გზების რაოდენობის და კილომეტრაჟის მიხედვით, ერთი სატრანსპორტო საშუალების მიერ ერთზე მეტი მიმართულების შესრულების შესაძლებლობა, რაც მისცემს სამინისტროს საშუალებას საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა განახორციელოს ეკონომიურობის პრინციპის დაცვით.
სატრანსპორტო საშუალებების ტევადობის დამადასტურებელი ინფორმაციის წარმოდგენის შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოფილი იქნას სატრანსპორტო საშუალებების ტევადობის და გადასაყვანი მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისობა, რაც გაზრდის მოცემული მომსახურებით მოსწავლეების დაფარვის მაჩვენებელს და უსაფრთხოებას;
განახორციელოს მონიტორინგი სატრანსპორტო საშუალებების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისობაზე, ბავშვების უსაფრთხო ტრანსპორტირების მიზნით.
შეიმუშაოს ტაბელის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების განხორციელების ზუსტი დროის (თარიღი, საათი), ერთ გზაზე გადაყვანილი მოსწავლეების და შესრულებული გზების რაოდენობის იდენტიფიცირებას, რაც საშუალებას მისცემს სამინისტროს განსაზღვროს გადაყვანილი მოსწავლეების რაოდენობა ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
განხორციელდეს სისტემური მონიტორინგი და კომუნიკაცია საჯარო სკოლის უფლებემოსილ წარმომადგენლებთან, რომელიც ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას არსებული ხარვეზების გამოვლენასა და მათი გადაჭრის გზების მოძიებაში.
მასალის გამოყენების პირობები






