გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან პრეზიდენტის ოჯახის წევრზე განხორციელებულ ზეწოლას ეხებოდა , ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ გენერალური დიექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა.
„უპრეცენდენტოა, საერთოდ არც კი მახსენდება უახლოეს წარსულში არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც რომ პრეზიდენტი აცხადებდეს იმის შესახებ, რომ მისი ოჯახის წევრზე ხორციელდება შანტაჟი, პრეზიდენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოსახდენად, სამართალდამცავების მონაწილეობით. ეს არის აბსოლუტური კატასტროფა, ჩამონგრევა და ჩამოშლა სახელმწიფო სისტემის. პრეზიდენტმა კი თქვა, რომ პრემიერ-მინისტრს ამაში არ ვადანაშაულებო, მაგრამ მე ვადანაშაულებ, თუნდაც უმოქმედობაში. თუ პრემიერმა ეს არ იცის ეს მეორე პრობლემაა კიდე და მთავარი პრობლემა ისაა, რომ პრემიერს არცერთ მსგავს ქმედებაზე არ ქონია არავითარი რეაგირება. სისტემა ჩამოიშალა და უფრო მნიშვნელოვანი საფუძველი ძალოვანი მინისტრების: შსს-სა და სუს-ის ხელმძღვანელობის გათავისუფლების აღარ არსებობს“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიამ პირადი მაგალითიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი თავადაც გახდა. „ჩემს შემდეგ კიდევ იყო განცხადებები, დღეს კი მსგავს განცხადებას პრეზიდენტიც აკეთებს“- აღნიშნა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






