აღნიშნული ფორუმი აშშ-ს დემოკრატიული პარტიის კონგრესის ფარგლებში იმართება. კონგრესზე 2016 წლის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი დასახელდება.
,,ფილადელფიაში მიწვეული ვარ ”დემოკრატების” ყრილობაზე, სადაც მათ კანდიდატებს დაამტკიდებენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორ აყალიბებენ კანდიდატები საგარეო პოლიტიკას. განსაკუთრებით, რუსეთთან, ჩვენს რეგიონთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ჩემი მონაწილეობა და ქართული პოზიციის გაჟღერება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ირალი ალასანია რამდენიმე ისეთ მნიშვნელოვან ფორუმს ესწრება, როგორიც არის მაგალითად საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების ფორუმი, რომელზეც იქნება საუბარი თუ როგორ ხედავს უახლოეს ოთხ წელიწადში საქართველოს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში ამერიკის მონაწილეობას ”დემოკრატიული პარტია”. ირაკლი ალასანია მიწვეულია ასევე ამერიკული პროგრესის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, სადაც განხილული იქნება კონკრეტულად ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. აღნიშნულ ფორუმზე მონაწილეობს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი მადლენ ოლბრაითი და მნიშვნელოვანია, რომ ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი გააცნობს მას საქართველოს ხედვას - ,,აქ მონაწილეობს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი მადლენ ოლბრაითი და მე საშუალება მექნება საქართველოს საკითხი, ჩვენი ხედვა გავაცნო მას. შესაბამისად, ამ პროცესებზე ჩვენი გავლენა შევიტანოთ. სწორედ ამიტომ ვარ ჩამოსული, რათა ჩვენი საგარეო პოლიტიკური უსაფრთხოების ხედვები ამერიკულთან შეჯერებული იყოს”, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
მისივე ინფორმაციით, იგი შეხვედრებს გამართავს ”რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებთანაც. ალასანიას შეფასებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე პარტიასთან ჰქონდეს ურთიერთობა, რათა საქართველოს ინტერესები ნებისმიერი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში დაცული და მყარი იყოს.
”ბუნებრივია, საუბარი მექნება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. ეს არის საკითხი, რომელიც როგორც თავდაცვის მინისტრს წამოწეული მქონდა და ინსტიტუციურად გამყარებული, როდესაც დავიწყეთ მოლაპარაკებები საქართველოს ახალი, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვაზე, რაც გაგრძელდა შემდეგ უკვე ხელისუფლების მხრიდანაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც ხელისუფლებამ, ასევე ამ შემთხვევაში მე, როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, ერთნაირი მოთხოვნები, ერთნაირი ხედვები წარვუდგინოთ, რათა დაინახონ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მრავალპარტიულია და ბევრი განსხვავებული აზრია, საქართველოს უსაფრთხოებაზე, საგარეო პოლიტიკაზე ყველა ძალა ერთნაირად ჩამოყალიბებული ვართ”, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






