თამაზ მეჭიაურის თქმით, იგი მოსკოვში რუსეთის დუმის ზედა პალატის დეპუტატის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, იგორ მოროზვისა და სხვა პირების მიწვევით იმყოფებოდა.
„ისინი მიიჩნევენ, რომ მომავალ პარლამენტში ვიქნებით წარმოდგენილნი და მათ ჩვენთან ურთიერთობა მოუწევთ. აქედან გამომდინარე, აინტერესებთ ჩვენი ხედვა, რა პერსპექტივები აქვს რუსულ-ქართულ ურთიერთობებს. მე ჩემი ხედვა ჩამოყალიბებული მაქვს და კოალიციიდან გასვლის მიზეზიც ეს იყო, რომ ვერ ვეთანხმები ხელისუფლების საგარეო კურსს, მას შემდეგ, რაც ამ კურსმა სრული კრახი განიცადა. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ყველა ქმედება ამ მიზნიდან უნდა ამოდიოდეს. ამ ინტერესში კი, უპირველესად, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტა, სარწმუნოებისა და ტრადიციების შენარჩუნება მდგომარეობს“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია რუსეთის გარეშე, ამიტომ პრიორიტეტულად მიაჩნია, რომ პირველ რიგში, მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს რუსეთთან.
,,უარი არ უნდა ვთქვათ არც ამერიკაზე, არც სხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებაზე, მაგრამ ყველაფერი შედარებით მეორეხარისხოვანია რუსეთთან შედარებით. მე პრორუსულობას ვერავინ დამწამებს, მე ვარ პროქართველი, მე ვილაპარაკებ ყველასთან, ვისთან საუბარიც ჩემი ქვეყნის ინტერესებისთვის მომგებიანი იქნება“,- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მისივე თქმით, ოფიციალური შეხვედრების გარდა, მან პარტიის სახელით არაფორმალური შეხვედრებიც გამართა, სადაც ყველა აქტუალურ და საჭირო საკითხზე ისაუბრა, თუმცა მისი პარტიის საარჩევნო დაფინანსებაზე საუბარი არსად ყოფილა.
თამაზ მეჭიაურმა კონფლიქტისპირა ტერიტორიებზე ვითარების გაცნობის მიზნით, რუსი დეპუტატები საქართველოში მოიწვია. მეჭიაურს იმედი აქვს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის დუმის დეპუტატები ოკუპირებული ტერიტორიის ორივე მხარეს არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობიან, არსებობს მეტი შანსი, რომ პარლამენტარების შეფასებებმა პოლიტიკურ პროცესებზე მეტი გავლენა მოახდინოს.
როგორც თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე მან ოკუპაციის პირობებში რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დააყენა.
„საჭიროდ მიმაჩნია, რომ აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იქნება გადადგმული ნაბიჯი არა რუსეთის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვის სასიკეთოდ. რუსეთში უამრავი ქართველი ცხოვრობს და ეს მათ პრობლემებს შედარებით შეამსუბუქებს. თუ ჰგონიათ, რომ ტერიტორიული პრობლემების არსებობის პირობებში დიპლომატიური ურთიერთობა არ შეიძლება, ძალიან ცდებიან. რუსეთს და იაპონიას წლების განმავლობაში აქვთ ტერიტორიული პრობლემა, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა არც არასდროს გაუუქმებიათ,“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
პარლამენტარი თამაზ მეჭიაური გასულ კვირას მოსკოვში იმყოფებოდა. იგი რუსეთის დუმის დეპუტატებმა მიიწვიეს.
მასალის გამოყენების პირობები






