საქართველოს პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის შეხვედრა დასრულდა. ძირითადი განსახილველი თემა გიორგი პაპუაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება იყო, რომლის თანახმადაც მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს:
„დღეს შეხვედრა მქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებზე პოლიტიკოსების გამოხმაურებები რბილად რომ ვთქვათ, როგორც მინიმუმ იყო გაუგებარი. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტზე ზეწოლის შესახებ, მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იყოს პოლიტიკოსების შეშფოთება და ბუნებრივია, უნდა იყოს ამ საქმეში დეტალურად გარკვევის მცდელობა.
მე დღეს ვესაუბრე ბატონ გიორგის და მან მე კონკრეტული ფაქტები დამისახელა. ეს კონკრეტული ფაქტები თავისთავად გამომდინარე იქედან, რომ ეხება უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს და ისეთ თანამდებობის პირებს, როგორიც არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი დაცვის ხარისხი ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით. თავისთავად, ეს ფაქტი არის შემაშფოთებელი, რადგან ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს დაცულობაზე ვსაუბრობთ.
სამწუხაროდ, ამ ფაქტებმა მე არ გამაოცა, ეს ტენდენცია ახალი არ არის. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა სამართალდამცავების ჩართვით. ეს იყო იმიტაცია და აქედან გამომდინარე, რაც ბატონმა პაპუაშვილმა მითხრა, გასაოცარი არ არის ჩემთვის. მე დიდი ხანია ვსაუბრობ იმაზე, რომ კორცხელის შემთხვევა უნდა იყოს ადეკვატურად პასუხგაცემული“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






