პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ოზურგეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარტიის ერთ ერთ სახეს, პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს წარადგენს.
ამის შესახებ ინფორმაცია "გურიის მოამბეს" აღნიშნული ორგანიზაციიდან არაოფიციალურად მიაწოდეს.
ხათუნა ლაგაზიძე, პაატა ბურჭულაძესთან ერთად, პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" დამფუძნებელია, ის ოზურგეთში ცხოვრობს, მისი მეუღლე, ამირან ჩხაიძე ცნობილი ოზურგეთელი ბიზნესმენია.
თავად ლაგაზიძე ამ ინფორმაციას "გურიის მოამბესთან" საუბარში არც უარყოფს და არც ადასტურებს.
ჩხაიძე ოზურგეთში ლუდის ქარხნის, სარიტუალო სახლებისა და რესტორან "ტონუსის" მფლობელია. ურეკში კი, ასევე მის საკუთრებაშია, ყველაზე მაღალი კლასის სანატორიუმი "კოლხიდა".
გამოკითხვებით პირველ ოთხეულში მყოფი პოლიტიკური სუბიექტებიდან ორგანიზაციამ "სახელმწიფო ხალხისთვის", მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა ყველაზე ბოლოს გაამჟღავნა.
პირველად თავისი კანდიდატურა-დავით მჟავანაძე, "ნაციონალებმა" წარადგინეს.
შემდეგ "თავისუფალ დემოკრატებმა" ყრილობაზე თემურ სალუქვაძის კანდიდატურა დაასახელეს.
"ქართულმა ოცნებამ" კი ამ დღეებში არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა გააჟღერა.
აღსანიშნავია ასევე, რომ ნინო ბურჯანაძეს ამავე საარჩევნო ოლქში ზურაბ ჩხაიძე ყავს დასახელებული.
მასალის გამოყენების პირობები






