იგორ გიორგაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ შევარდნაძეზე თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებული გიორგაძე ინტერპოლმა წითელი ცირკულარიდან დაცვის მხარის მიერ გადაგზავნილი მასალებით ჩატარებული გამოძიების საფუძველზე მოხსნა.
პროკურატურის განცხადება კი მცდარია - მოსიაშვილის ინფორმაციით, გიორგაძე დევნილის სტატუსით არ სარგებლობს.
”იგორ გიორგაძეს არ აქვს მინიჭებული დევნილის სტატუსი. რაც შეეხება ლტოლვილის სტატუსს, რაც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. მე არ მგონია ინტერპოლი მხოლოდ დაცვის მხარის ინფორმაციას დაყრდნობოდა. თუმცა მათ მიერ მოწერილ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ საფუძვლიანად შეისწავლეს ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია რომელიც ჩვენს მიერ იქნა წარდგენილი. პროკურატურასთან რაიმე სახის კომუნიკაცია ჰქონდათ თუ არა ამაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ. ფაქტია, ინტერპოლი დარწმუნდა, რომ მისი რესურსი არ შეიძლება გამოყენებული იყოს პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის მიმართ”, - აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.“
ადვოკატის ინფორმაციით, ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლს არ შეესაბამებოდა იგორ გიორგაძის მიმართ განხორციელებული წითელი ცირკულარით ძებნა.
მოსიაშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარემ ინტერპოლის მიმართ გაგზავნილ განცხადებაში საქმის მასალებში არსებული გარემოებები წარადგინა, რომლითაც ადვოკატის თქმით, დასტურდებოდა პირის მიმართ პოლიტიკური დევნას.
მისივე თქმით, პროკურატურა მოცემულ ეტაპზე შეზღუდულია იმაში, რომ გიორგაძეს ძებნილის სტატუსი კვლავ მიანიჭოს.
მასალის გამოყენების პირობები






