"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" პოლიტიკური მდივნისთვის გოგა გოგნიაშვილისთვის გაუგებარია რატომ შეწყვიტა ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნა "ტერორისტ" იგორ გიორგაძის მიმართ.
როგორც "ნიუპოსტს" გოგნიაშვილმა განუცხადა, "ეროვნული მოძრაობის" ლიდერის, გიორგი ჭანტურიას მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტის ორგანიზატორი სწორედ იგორ გიორგაძეა.
გარდა ამისა უშიშროების ყოფილ მინისტრს ბრალი 1995 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებულ ტერაქტში ედებოდა.
საერთაშორისო ძებნა გიორგაძეზე იმავე წელს გამოცხადდა და ის თავს ამ დრომდე რუსეთს აფარებდა.
"ინტერპოლის მხრიდან ყოვლად გაუგებარი გადაწყვეტილებაა მიღებული. მე არ ვიცი რა დებულებებით ხელმძღვანელობენ იქ, თუმცა ყოვლად წარმოუდგენელია ადამიანი, რომელიც "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას მკვლელი და ასევე არის ბრალდებული საქართველოს პრეზიდენტზე განხორციელებულ ტერაქტის ორგანიზებაში, ამოღებულ იქნას წითელი ცირკულარიდან, მიუხედავად იმისა რომელმა სახელმწიფომაც არ უნდა მისცეს მას დევნილის სტატუსი - რუსეთი რა სახელმწიფოცაა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით"- აღნიშნა გოგნიაშვილმა.
ედპ-ს ერთ-ერთმა ლიდერი გიორგაძის საქართველოში ჩამოსვლის შანსებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გიორგაძე ქვეყანაში მხოლოდ ბორკილებით უნდა ჩამოიყვანონ.
"გიორგაძის საქართველოში ჩამოსვლა ისეთივეა, რომ ამერიკაში ბინ ლადენი ჩასულიყო და პოლიტიკურ პროცესებში მიეღო მონაწილეობა. გიორგაძე არის ტერორისტი და მისი დაბრუნების ერთადერთ სცენარს ვხედავ - ბორკილებით ქართულ ციხეში. სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ"- განაცხადა ედპ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა.
გოგა გოგნიაშვილმა "ქართული ოცნების" წევრთა მიერ იგორ გიორგაძის შესახებ გაკეთებული განცხადება გაიხსენა და მოქმედი ხელისუფლება ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.
"რას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება ? - მიუხედავად პროკურატურის განცხადებისა, რომ მიმართავს ყველა საშუალებას, რათა იგორ გიორგაძის მიმართ აღდგეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ განცხადებებს მმართველი პარტიის წევრებისგან, კერძოდ გედევან ფოფხაძისგან, რომ თურმე გიორგაძე არაჩვეულებრივი ადამიანია და მას საქართველოში დაბრუნება შეუძლია, როცა მოუნდება. არსებობს კონკრეტული განცხადება, სადაც ფოფხაძე წუხს იმის შესახებ რომ 2012 წელს ოცნების სიაში ვერ ჩაწერეს. ეს არის ორი სახე მოქმედი ხელისუფლების - ერთს მხრივ განცხადებებს აკეთებენ, რომ პროდასავლური ორიენტაციის ერთგულები არიან, ამის პარალელურად კი ტერორისტ გიორგაძეს ეპატიჟებიან პარტიულ სიაში და საქართველოში"- განაცხადა "ნიუპოსტთან" გოგნიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






