მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. ხელისუფლება სოფლების ინტერნეტიზაციას გეგმავს, რომელსაც კერძო სექტორთან ერთად განახორციელებს. პრემიერ-მინისტრმა სწორედ ამ თემაზე საუბრით დაიწყო მთავრობის დღევანდელი სხდომა. პროექტის ღირებულება წინასწარი გათვლებით 100 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რომელსაც „ბანკი ქართუ“ დააფინანსებს.
პრემიერის განცხადებით, ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რეგიონებში განათლების დონე ამაღლდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
„გვაქვს გაწერილი გეგმა, თუ როგორ შეიქმნას საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი 2 ათასზე მეტი დასახელების ქალაქისა და სოფლისათვის. არ ხდება ისე, რომ ამ პროექტმა კერძო სექტორის ინტერესები გადაკვეთოს, პირიქით ხელს უწყობს სხვადასხვა დაინტერესების ზონების მიხედვით კერძო სექტორის შესვლას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში, ფონდი ქართუ მთლიანად აფინანსებს, ეს არის აბსოლუტური ქველმოქმედება ყოველგვარი ბიზნესდაინტერესების გარეშე და ეს პროგრამა, სავარაუდოდ, წინასწარი ხარჯთაღრიცხვით დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება, „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ“ დააფუძნა სპეციალური ერთეული კომპანია, „ოუფენნეტი“, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ეს პარტნიორობა კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






