ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ბრიფინგი გამართა.
2016 წლის 22 ივლის საკონსტიტუციო სასამართლოში იწყება ,,კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებული პირების კონსტიტუციური სარჩელის განხილვა. საქმესთან დაკავშირებით გაკეთდა კომენტარები როგორც ირაკლი ალასანიას, ასევე პარტიის სხვა ლიდერების მხრიდან.
,,ათეულ ათასობით მოქალაქემ ხელი უკვე მოაწერა პეტიციას მსჯავრდებულთა გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს. ხელმოწერების შეგროვება დღესაც გრძელდება საქართველოს ყველა რეგიონში. მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც ჯერ არ მოუწერია ხელი - დავირაზმოთ იმისათვის, რომ ხუთი უდანაშაულო ადამიანი დავიხსნათ ტყვეობიდან,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
‘’თავისუფალი დემოკრატები’’ აგრძელებენ სამართლებრივი გზით სვლას, იყენებენ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს, ,,კაბელების საქმის“ ადვოკატებმა შეიტანეს საჩივარი სააპელაციო სასამართლოში, სადაც უახლოეს მომავალში დაიწყება საქმის განხილვა.
შეტანილია სარჩელი ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში.
,,მე და ჩემი პარტიის სხვა ლიდერები ყოველდღიურ რეჟიმში ვაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტირებული მეგობარი ქვეყნების საელჩოებს საქმის შესახებ. უნდა აღვნიშნო, რომ ამ საქმის მიმართ არის განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმისთვის, რომ მთელმა საზოგადოებამ, ტყვედ აყვანილთა ოჯახებმა, ჩვენმა სამხედროებმა და სხვა სამართალდამცავებმა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ არასოდეს არ მივატოვებთ, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ კანონიერ ყველა ზომას, რათა ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებსა და საქართველოს“, განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სასამართლო რეფორმას რის შედეგადაც სახეზე გვაქვს ,,მურუსიძის სასამართლო“ და ,,შოთაძის პროკურატურა“. ,,მურუსიძის სასამართლო და შოთაძის პროკურატურის ეს გაუგონარი უსამართლობა ჩვენ ვერ ამოგვაგდებს საარჩევნო კალაპოტიდან. ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს გავაცნობთ იმ შეთავაზებებსა და საარჩევნო პროგრამას, რომელიც შეიმუშავეს ჩვენი გუნდის კვალიფიციურმა წევრებმა და ექსპერტებმა, მაგრამ განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა რომ ამ პოლიტიკური გუნდის ღირსების საქმე და მთავარი ამოცანაა ამ უდანაშაულო ადამიანების ციხიდან გამოხსნა“,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






