ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, საარჩევნო კოდექსი შესულმა ცვლილებებმა არა მხოლოდ გააუარესა საარჩევნო გარემო, არამედ პარტიებს მნიშვნელოვლად წაართვა სარეკლამო დრო.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განმარტებით, გადაწყვეტილება საბოლოოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც სარეკლამო დროის გადანაწილების ახალი წესის წინააღმდეგ პრეზიდენტმა ვეტოს უფლება არ გამოიყენა.
„ჩვენ ვასაჩივრებთ როგორც პოლიტიკური პარტიების დაყაჩაღებას და მათთვის რესურსის წართმევას, რეგლამენტის დარღვევით მოხდა საარჩევნო კოდექსის მიღება, ესეც კონსტიტუციასთან შემხებლობაში მოდის და მესამე, ეს არის ამომრჩევლის ინტერესების შებღალვა. ყველანაირი სამართლებრივი წინაპირობა აქვს სასამართლოს, რომ მიიღოს ეს სარჩელი და შეაჩეროს საარჩევნო გარემოს გაუარესება,“- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
ინტერპარტიული ჯგუფის მიერ მომზადებულ სარჩელზე შეფასებები გაკეთდა დეპუტატების მხრიდან. უმრავლესობაში თვლიან, რომ კანონპროექტი ცვლილებას არ საჭიროებს და ამას მათი მტკიცებით, პრეზიდენტის ხელმოწერაც ადასტურებს.
„თუ ისინი თვლიან, რომ კანონში არის არაკონსტიტუციურობის ნიშნები, მათ შეიძლება მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ, რომ კანონპროექტში არის არაკონსტიტუციური დებულებები. ეს რომ ასე ყოფილიყო ბუნებრივია მე მხარს არ დავუჭერდი ამ კანონპროექტს,“-განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.
საპარლამენტო უმცირესობა კი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სოპოზიციის განცხადებით, კი კანონიც ქართულმა ოცნებამ საკუთარ თავზე მოირგო.
„უკვე მიიღო გადაწყვეტილება დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომლითაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებსაც წესით არ ეკუთვნოდათ საეთერო დრო. ამითი გამოჩნდა, რომ ყველა ოპოზიციური სუბიექტი თანაბარი არ არის ქართული ოცნებისთვის,“-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
თავისუფალ დემოკრატების შეფასებით, ის ერთჯერადი ცვლილება, რომელიც შევიდა საარჩევნო კოდექსში, ვერ მოემსახურება ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას და ვერ შეუწყობს ხელს ამ გარემოს გაუმჯობესებას.
„ეს არის იზოლირებული შემთხვევა, რომელიც თავისთავად არის გამონაკლისი და არა საერთო პროცესის პოზიტიური გაგრძელება,“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მასალის გამოყენების პირობები






