საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმესთან მიმართებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. გადაცემა „არჩევანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი გამოძიება უნდა იქნეს დაწყებული, დამნაშავეები კი დასჯილნი:
„რადგან სტრასბურგმა დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ, რომელიც არის ბრალდებული მძიმე მუხლებით, მაგრამ ნებისმიერ ბრალდებულ ადამიანს გააჩნია თავისი უფლებები და ის უფლებები ისევე უნდა დაიცვას სახელმწიფომ, განსაკუთრებით, როდესაც ეს ადამიანი არის დაპატიმრებული, როგორც იცავს ნებისმიერი ყველაზე კანონმორჩილი ადამიანის უფლებას, შესაბამისად, ვანო მერაბიშვილის ბრალეულობა არ მდგომარეობს იმაში, რომ მას ყველა უფლება აქვს წართმეული, მისი სხვა უფლებების შელახვა მიუღებელია, მოხდა რა, როგორც სტრასბურგი ამბობს ამ უფლებების შელახვა, ის ადამიანები, ვინც შელახეს ეს უფლებები და ვინც ამის კვალობაზე კიდევ შელახა საქართველოს ინტერესები და ქართული სახელმწიფო დააყენა სტრასბურგის ასეთი მძიმე გადაწყვეტილების წინაშე, ეს ადამიანები უნდა იყვნენ დასჯილნი. უნდა ჩატარდეს გამოძიება რა მოხდა მერაბიშვილთან მიმართებაში, უნდა ჩატარდეს გამოძიება იმის თაობაზე, რატომ არ ჩატარდა გამოძიება თავის დროზე და მთელი ეს ადამიანები, ვინც დაარღვიეს ბრალდებული მერაბიშვილის უფლებები უნდა იქნენ შესაბამისად გამოძიებულნი და დასჯილნი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






