მოსავლის აღების შეუფერხებლად და აგროვადების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დამატებითი კომბაინები აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოიყვანა. საქართველოსა და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრების შეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მოსავლის აღების სამუშაოებში ერთი თვის განმავლობაში იქნება ჩართული.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საქართველოში შემოსვლის პროცესს ,,წითელი ხიდის“ სასაზღვრო - საბაჟო გამშვებ პუნქტზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი დაესწრო.
,,საქართველოში წინა წლებთან შედარებით, თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია. საშუალო მოსავლიანობა თითქმის გაორმაგებულია და საპროგნოზო მონაცემებით ერთ ჰექტარზე 4 ტონას შეადგენს. გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია ნათესი ფართობებიც - ქვეყნის მასშტაბით ხორბლის ნათესი ფართობები 80 000 ჰა-ზე მეტი, ხოლო ქერის 40 000 ჰა-ზე მეტია. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს შეუწყობს ფერმერებს აგროვადების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყონ მოსავლის აღება და დაბინავება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






