ანანო ბაკურაძე: „მაშინ როცა მე ნიცაში ჩავედი, ისიც კი არ ვიცოდი როგორ უნდა მივსულიყავი უნივერსიტეტამდე. უნივერსიტეტამდე კი არა google-იც კი არ ვიცოდი რა იყო.
17 წლის მარტო რომ დავრჩი, პირველად, სამზარეულოში შუქს ანთებულს ვტოვებდი, მეშინოდა. ერთი რთული და საკუთარი თავის შეცნობის წელი მარტომ გავატარე ნიცაში.
მეორე წელს ნუცი შემომიერთდა და აღარც მახსოვს ნიცა მის გარეშე.
ოთხი ბინა გამოვიცვალეთ, ბოლო განსაკუთრებით გვიყვარდა, ცეტრალურ ბულვარზე დგას, ბოლო სართული ჩვენი იყო და გამხმარი პალმის ხე თუ გადმოყირავდებოდა აივანზე ხანდახან, თორე მეტი იქ სადარდებელი არაფერი გვქონია.
ცოტა ხნის წინ ვითვლიდით და დაახლოვებით 100 ადამიანი დავთვალეთ ვინც ნიცაში ჩამოდიოდა და ჩვენთან რჩებოდა, ზოგს საერთოდ არ ვიცნობდით... უბრალოდ ჩვენს გარშემო ყველამ იცოდა რომ ანანო და ნუცი ნიცაში ცხოვრობენ და რომ არასდროს არავისთვის გვითქვამს უარი ღამის გასათევზე. ზოგი ერთი დღე, ზოგი გავლით, ზოგიც თვეობით.
ნიცა ის ადგილია რომელსაც მე ჩემით მივაგენი, მაშინ როცა სორბონის უნივერსიტეტში ჩემი საბუთები დაკარგეს და ნიცაში აღმოჩნდა. სწავლის მიზეზით ნიცაში პირველი მე წავედი.
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ამ ამბების ფონზე მახსენდება ყველა დღე და ყველა წუთი იქ გატარებული.
მიცვალებულს რომ დაკრძალავენ და მეგობრები კარგ ამბებს იხსენებენ ასე ვართ მთელი დღეა.
მენატრება ზღვა და სივრცე. ძალიან დაღლილი, კენჭებზე რომ წამოწვები გულაღმა, ჰორიზონტზე ზღვა და ცა რომ ერთიანდება და გამშვიდებს.
უცანური შეგრძნება მაქვს, მგონია რომ გუშინ ნიცა წაგვართვეს, ნიცა როგორც ჩვენი შეყვარებული, რომელსაც ყოველდღე ტუჩებში ვკოცნიდით და რომლის სიყვარულშიც ვერავინ ვერასდროს შეგვეჯიბრება.
მალე ისევ გავირუჯებით,
ისევ დავლევთ ერთ ჭიქა როზეს სანაპიროზე,
ისევ წავიკითხავთ წიგნებს პრომენადის ლურჯ სკამებზე მოკალათებულები,
ისევ გავიგებთ ბევრ სიცილს,
ვაკოცებთ ტუჩებში,
შაგალის მუზეუმში გავატარებთ მთელს დღეს,
ვიცინებთ გაპრანჭულ ბებო-ბაბუებზე,
შევჭამთ ნაცნობი მიმტანების რესტორნებში... და საერთოდ ყველაფერი თავის რითმს დაუბრუნდება, ახლა უკვე ტკივილით და მეხსიერებაზე აღბეჭდილი გამანადგურებელი კადრებით.
როცა ამდენი სიყვარულია ბოროტება აუცილებლად დამარცხდება!
ლაჟვარდოვანი სანაპირო ჩვენი სახლია“.
მასალის გამოყენების პირობები






