ბ-ნი უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ უკვე დახურულია. ის მხოლოდ ფორმალურად ასრულებს მოვალეობებს და ვერავის შეაშინებს ამ წასვლით. რაც შეეხება შეთქმულების ფანტაზიებს, აქაც მისი თეორია ნაკერებზე სკდება ფაქტების წინაშე. ამისათვის მარტო ივანიშვილის საჯარო ქადაგებებიც კმარა, დიდი ხნის განმავლობაში ღიად რომ ქომაგობდა ხალვაშს, ხოლო რუსთავი-2-ის მიკროფონის გამოჩენაზე ბნედა მოსდიოდა. არაფერი რომ არ ვთქვათ მოსამართლეთა არნახულ მობილიზებულობასა და თავაშვებულობაზე, რომელთაც ამ საქმეში არც დედა ჰყავთ და არც გამკითხავი.
ყველა უკეთურების მიზეზად ოპოზიციის საბოტაჟის გამოცხადებას ყავლი გაუვიდა, მტაცებელი ცხოველების ოდესიდან შემოყვანაც არ დაიჯერა ვინმემ. ეხლა, როგორც ჩანს, ჯერი მოწინაღმდეგეების მაზოხისტურ ვნებებში დადანაშაულებაზეა. ამ ლოგიკით, რუსთავი-2-ის ამბების პარალელურად ოპოზიციის ოფისების მასობრივი დარბევები თვითდარბევები ყოფილა, ამაზრზენი ვიდეოების საჯარო ჩვენებები - მათივე პრეზენტაციები, კორცხელის კუნთმაგარი მარბიელები კი - სულ რჩეული ,,ნაცები“.
არა მგონია, უსუფაშვილი ასეთი უგუნური ან არაინფორმირებული იყოს. ,,რესპუბლიკელებისათვის“ დამახასიათებელი ამ ვირეშმაკობას არც ისე რთული ახსნა უნდა ჰქონდეს: მიშა და ქიბარი შეკრულია, ე.ი. ბიძინა არაფერ შუაშია, ის მხოლოდ საცოდავი მსხვერპლია, თქვენ კიდევ, ხალხო, დაეხსენით რუსთავი-2-ს, რადგან თქვენც შეთქმულების მსხვერპლნი ხართ. ასეთია რესპუბლიკელთა ახალი უკუღმართი განზრახულობა -,,რუსთავი-2-ის“ ამბავში ივანიშვილის მორიგი გათეთრება და ტელეკომპანიისათვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის განელება, - იქნება და დაგვიფასდესო.
ამ სექტას გადაწყვეტილი აქვს საფლავში ჩაჰყვეს ,,ოცნებას“. სხვა პერპექტივა მათ უკვე მაინც არა აქვთ, იმდენად სძულს ისინი ყველას. იციან ეს და ისევ ოლიგარქის წინ ნაცარში კოტრიალს ამჯობინებენ, იქნებ საარჩევნოდ რაიმე მსუყე სახრავი დასცინცლონ გულმოდგინე გორაობით. ალბათ, უწყალობებს კიდევაც.
არ ვიცი, ქ-ნი ნანა ალექსანდრიას სახელი უშუალოდ რომელმა ჭკუაგალაყებულმა გადაარქვა ფოთის საჭადრაკო ტურნირს, თუმცა, მაქვს გონივრული ეჭვი, რომ გამურულ ,,რესპუბლიკელთა“ მორიგი მსხვერპლი - ,,შეთქმული“ ამჯერად ის იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






